დავით მათიკაშვილი - რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ხდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ 2013 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდამ ემზადება რევოლუციური სცენარისთვის
დავით მათიკაშვილი - რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ხდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ 2013 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდამ ემზადება რევოლუციური სცენარისთვის

რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ხდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ 2013 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდამ ემზადება რევოლუციური სცენარისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ნიკა მელიამ საჯაროდ, მთელი საზოგადოების თვალწინ დაარღვია ის პირობები, რაც მას ჰქონდა სასამართლოს და პროკურატურის მიერ განსაზღვრული. მან სამაჯური ესროლა საზოგადოებას, ფაქტობრივად ქართული სახელმწიფოსთვის ერთგვარი ხელთათმანის სროლა გამოუვიდა. ამ დარღვევის მერე სასამართლომ მას გაუზარდა გირაოს თანხა და მან პირდაპირ სახალხოდ განაცხადა, რომ არ შეასრულებდა ამ ვალდებულებას.

მსოფლიოს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში გირაოთი ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ავტომატურად იწვევს მის დამძიმებას, რაც პატიმრობაში გამოიხატება. საქართველოში არ არსებობენ ინდულგენციების მქონე პირები. პოლიტიკური პარტიის წევრობა ან მისი ხელმძღვანელობა კანონის და სახელმწიფოს ზემოდან დგომას არ ნიშნავს. ის, რასაც დღეს ნიკა მელია აკეთებს და რაც ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს არაერთგზის გაცხადებულ შეხედულებას, რომელიც არის უკვე ასი პროცენტით დასაბუთებული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2013 წლის შემდეგ მუდამ ემზადება ქვეყნის არევისთვის, რაღაც რევოლუციური სცენარისთვის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ნიკა მელიამ, ისეთი ნაბიჯები გადადგეს, ქვეყანას სხვა არჩევანი არ დაუტოვეს.

„სწორედ ასეთი პროვოკაციული ნაბიჯები გადაიდგა, რათა სახელმწიფო ისეთ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ, რომ არჩევანი ფაქტობრივად არც იყო. შეგვიძლია ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი ვნახოთ. კაპიტოლიუმის შტურმის დროს 55 ადამიანი დააკავეს და კონგრესმენს, რომელიც ცდილობდა იქ შეღწევას, შიდა ტერორისტს ეძახიან. მაშინ რა არის ნიკა მელიას მოქცევა მათ მიერვე მოწყობილ პროვოკაციაში? საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ არბევდა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიციის კორდონებს და როგორ ცდილობდნენ საკანონმდებლო ორგანოში შეღწევას. ეს არის სწორედ იმის იდენტური, რაც ხდება აშშ-ში. ამიტომ ცხადია, სასამართლო გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად ლოგიკური და მე ძალიან გამიკვირდებოდა, სხვა გადაწყვეტილება რომ გამოეტანა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.