დავით მათიკაშვილი - პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი, ვერ შედგა, ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია
დავით მათიკაშვილი - პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი, ვერ შედგა, ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია

ყველა მოქალაქე განურჩევლად იმისა, რა სტატუსს ატარებს ის, კანონის წინაშე არის თანასწორი და უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავთ მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, პოლიტიკური პროვოკაცია ვერ შედგა.

„ნიკანორ მელია ჯერ აცხადებდა, რომ ვერ დაიჭერდნენ, შემდეგ აცხადებდა, რომ არ გადაიხდიდა, შემდეგ არ გამივიდოდა ციხიდან, ხან იღებდა გირაოს, მერე არ იღებდა. ეს ყველაფერი მეტყველებს ერთ ფაქტზე, რომ ის პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი, ვერ შედგა. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა ამ პიროვნების ღირსებაზე გაიარა. ყველა მოქალაქე განურჩევლად იმისა, რა სტატუსს ატარებს ის, კანონის წინაშე არის თანასწორი და უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე 8 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბატონ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია განცხადებაში.