დავით მათიკაშვილი - ოპოზიციის ლიდერებს მოვუწოდებ, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროა, რაც პარლამენტთან ხდება, მაგრამ პარლამენტმა ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს.
მათიკაშვილის თქმით, ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის სრული თავისუფლებაა, რაც დესტრუქციასა და კანონის დარღვევაში არ უნდა გადაიზარდოს.
„ეს ამოსავალი წერტილია. პარლამენტმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს, ხოლო მოქალაქებმა, საზოგადოებამ, ვისაც სურს პროტესტის გამოხატვა, ეს ისე უნდა გამოხატოს, რომ პარლამებტის ფუნქციონირებას ხელ არ შეუშალოს. ამოსავალი წერტილი ეს არის.
დამერწმუნეთ, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების პარალიზება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე არ რჩება. ეს ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ამოსავალი წერტილია. ასე რომ, აქ გასაკვირი არაფერი არ არის. აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებ კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ. კანონი უნდა იყოს ერთნაირად მნიშვნელოვანი და შესასრულებელი, როგორც მომიტინგეებისთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისთვის. პარლამენტი აგრძელებს მუშაობას და მას ფუნქციონირება არც ერთი წამი არ შეუწყვეტია.
ჩვენი სახელმწიფი აბსოლუტურად ღია და თავისუფალია ნებისმიერი ისეთი პროტესტისთვის, რომელიც კანონით დადგენილ ფარგლებს არ სცილდება. პირიქით, ოპოზიციის ლიდერებს მოვუწოდებ, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და მეტად მოწადინებულნი იყვნენ, რომ წესრიგი დაიცვან და სახელმწიფოში არსებული ვითარება არ გაამწვავონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, გვიან ღამით პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს, დაშავდა სამი ადამიანი.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები – მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.
„აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა“, – აცხადებენ შსს-ში.