დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ არსენალში არსებული სიბინძურე გამოამზეურა, ოპოზიციაში მყოფნიც კი ერთმანეთის ჩაწერას ცდილობდნენ
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ არსენალში არსებული სიბინძურე გამოამზეურა, ოპოზიციაში მყოფნიც კი ერთმანეთის ჩაწერას ცდილობდნენ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ არსენალში არსებული სიბინძურე გამოამზეურა. ოპოზიციაში მყოფნიც კი ერთმანეთის ჩაწერას ცდილობდნენ. ეს ყველაფერი მაშინ გამოიყენეს, როცა პარტიის ძალაუფლებისთვის იყო ბრძოლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითიც ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს გამოეხმაურა.

კერძოდ, თამარ ჩერგოლეიშვილმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ნიკა მელია ფიგურირებს, სოციალურ ქსელში დაწერა: „ნიკა მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა, კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, „მაჩვის“ გაბაზრებულია. როგორც ნდობით აღჭურვილ პირებს, ისე ჩაუგდო“.

ამასთან, დავით მათიკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბევრი ფიგურაა, ვის ხელშიცაა ძალაუფლება პარტიაში.

„ვერ გაიგებ, ვინ არის რეალური ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობაში“, რადგან ბევრი ფიგურაა, ვის ხელშიცაა ძალაუფლება. არჩევნებმა აშკარა გახადა, რომ პარტიის რეალური მმართველები – მერაბიშვილ-კეზერაშვილი განზე დგანან, არ ჩანან პარტიულ ელიტაში და მათ ჰყავთ ადვილად მართვადი, კომიკური პირი ხაბეიშვილი, რომლის საშუალებითაც კონკრეტულ ქმედებებს გაამართლებინებენ. კეზერაშვილ-მერაბიშვილს პარტია სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც ჯერ კიდევ გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაცა სახით რეინკარნაციას და გარკვეული დაჯგუფებით არსებობას. არჩევნებმა აჩვენა, რომ ელექტორატი ძალიან შემცირებულია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.