დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე ჟამი უდგას, რაც მათ პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს 
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე ჟამი უდგას, რაც მათ პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს 

„ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე ჟამი უდგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროცესი პარტიის პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს.

„რადიკალურ დაჯგუფებაში ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა. ხელჩართულ დაპირისპირებამდეც კი მივიდა რამდენჯერმე საქმე. ხდება იმ ნარჩენებისთვის ბრძოლა, რაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩა, ასევე მცდელობაა, რომ ფაქტობრივად უკვე ვადაგასული და ყავლგასული პოლიტიკოსების კვლავ პოლიტიკაში შემობრუნებით, ოდნავ მაინც შეძლონ და რაიმე სახით გავლენა მოახდინონ იმ პროცესზე, რომელზეც წარმოუდგენელია, რაიმე ძალამ მოახდინოს გავლენა. ეს პროცესი ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო პოლიტიკურ დასასრულს, რაც ძალიან მალე, 2024 წლამდე მოხდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად ხედავს პროცესებში დავით კეზერაშვილის კვალს.

„პოლიტიკაში ვაიპოლიტიკოსების შემობრუნებით, თუნდაც მერაბიშვილი და ოლიგარქი კეზერაშვილი ფიქრობს, რომ რაიმე სახით გააჯანსაღებს პროცესს, რომელიც რეალურად, ჭაობშია მოქცეული. პროცესის გაჯანსაღების არანაირი რესურსი არ აქვს არც კეზერაშვილს და არავის. პოლიტიკური ველი გაჯანსაღდება იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, საქართველოში აქტიურობას დაასრულებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, „როგორ შეაფასებთ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ უსმენს და ამიტომ აქვთ ინფორმაცია პარტიის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე“. დავით მათიკაშვილის თქმით, არავითარი მიყურადება არ არის საჭირო და ყველამ კარგად იცის, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„იმდენად აშკარაა „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევის შედეგად წამოსული იმპულსები, კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ამ რადიკალური დაჯგუფების ოფისში ხელჩართული ბრძოლა და მუშტი-კრივიც კი გამართულა პირველობის ან ოლიგარქ კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის. არანაირ ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა არ არის საჭირო. რღვევა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“ დაწყებული, ცალკეულ ოდიოზურ პიროვნებებს შორის დაპირისპირების ნიადაგზე მიმდინარეობს. ცისკარიშვილის მცდელობა, ბურუსით მოჰფინოს დაპირისპირება და საეჭვო განცხადება გააკეთოს, რათა საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, ფიასკოსთვის არის განწირული. არავითარი მიყურადება, დაყურადება და შეყურადება არ არის საჭირო. საზოგადოებამ კარგად იცის, რა ხდება იქ, სადაც უსერიოზულესი ნგრევა მიმდინარეობს, რადგან სახელმწიფოს მტრულად განწყობილი შიგთავსი დიდხანს ვერ გასტანს და ეს ყველაფერი წაილეკება საკუთარივე გადაწყვეტილებით. ძალიან კარგია, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი. ნაცვლად მრუდე პოლიტიკური ამბიციების მქონე პოლიტიკური ძალისა, ოპოზიცაში მოვა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებასთან ოპოზიციაში იქნება და არა საკუთარ სამშობლოსთან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.