დავით მათიკაშვილი – ხელისუფლებამ აკრძალა და შეზღუდა შავი ფულის შემოდინება ქვეყანაში, სანაცვლოდ მხოლოდ გამჭვირვალობა მოითხოვა და ამას „რუსული კანონი“ დაარქვეს

17:02, 26.11.2026

ვინც საზოგადოება ააღელვა და ქუჩაში გაიყვანა ვითომდა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, ბოდიში მოიხადონ ტყუილებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა შეთქმულებას

„„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიმართ შავი პიარი აგორდა და მისი მონათვლა მოხდა რუსულ კანონად. ამ პროცესში დიდი როლი ითამაშა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა. ეს იყო პირდაპირ შეთქმულება და ტყუილი ნარატივი, რომელიც მიზნად ისახავდა აგენტურისთვის პატრონებიდან დაფინანსების შეწყვეტის თავიდან არიდებას. ეს არაერთგზის დადასტურდა.

უპირველესად, როდესაც დონალდ ტრამპის ხელისუფლებამ იმით დაიწყო საპრეზიდენტო მმართველობა, რომ USAID-ი გააუქმა, როგორც ორგანიზაცია და ღიად განაცხადა იმ მძიმე წარსულის შესახებ, რაც USAID-ს აქვს და რის შესახებაც არ წყდება ინფორმაციის გამოქვეყნება. მთელი აწყობილი სისტემა იყო. ვნახეთ, როგორ ქმნიდნენ ვირტუალურ რეალობას ამა თუ იმ ქვეყანაში დაქირავებული, მოსყიდული იურისტების, მედიასაშუალების წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, ე.წ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ხელით, რომლებიც იმ დავალებას ასრულებდნენ, რაც მათ დაფინანსების, ანუ ჯამაგირის აღების საპირწონედ ეძლეოდათ USAID-იდან თუ NED-იდან. ეს ყველაფერი უკვე გამომზეურებულია. ვინც საზოგადოება ააღელვა და ქუჩაში გაიყვანა ვითომდა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ,  ბოდიში მოუხადონ ამ საზოგადოებას, ბოდიში მოუხადონ იმ ტყუილისთვის, რაშიც ცდილობდნენ, ეცხოვრებინათ თავიანთი ხალხი. ხელისუფლებამ აკრძალა და შეზღუდა შავი ფულის შემოდინება ქვეყანაში. ამის სანაცვლოდ მხოლოდ გამჭვირვალობა მოითხოვა და ამას „რუსული კანონი“ დაარქვეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მსგავსი