პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის წერილმა შთაბეჭდილება გაამყარა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციისთვის სჭირდება.
„ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. მამუკა ხაზარაძეს რაიმე სახის ბერკეტი აქვს, რომ ტელეკომპანია „პირველის“ სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენა მოახდინოს? „არტარეაც“ იყო მითითებული, რასაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ საკითხთან. ექსპერტიზამ ნაბეჭდ დოკუმენტზე რა დასკვნა უნდა დადოს, რომელი პრინტერიდან იყო ამობეჭდილი? ეს წერილი პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რეალურად, მას ფულის გათეთრების საქმესთან არანაირი შეხება არ აქვს ერთი გარდა. ხაზარაძეს სურს, ამ წერილით სიმძიმის საკითხი სამართლებრივი საკითხებიდან პოლიტიკურზე გადაიტანოს. თუკი ხაზარაძეს ასეთი წერილი ექვსი თვის წინ ჰქონდა, რომელიც მუქარის შემცველია, აქამდე სად იყო? ამ საქმის გამოძიება რომ არ დაწყებულიყო, წერილს საიდუმლოდ შეინახავდა? ეს არის მისი, როგორც მოქალაქის და ბიზნესმენის ვალი? თუ ასეთი წერილით პროკურატურას უნდა მიმართოს და საჯაროდ ისაუბროს, როგორი ზეწოლა ხდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
გენერალურმა პროკურატურამ დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა.