დავით მათიკაშვილი - მარგველაშვილი ანტიკონსტიტუციურ მისწრაფებებს ესარჩლება, არჩევს, რომელ რადიკალთან ითანამშრომლოს, კეზერაშვილთან, გახარიასთან თუ მერაბიშვილთან
დავით მათიკაშვილი - მარგველაშვილი ანტიკონსტიტუციურ მისწრაფებებს ესარჩლება, არჩევს, რომელ რადიკალთან ითანამშრომლოს, კეზერაშვილთან, გახარიასთან თუ მერაბიშვილთან

მეორდება ის, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე და ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის მონიჭებამდე ხდებოდა რამდენიმე წლის წინ. საზოგადოებას შევახსენებ იმ სამარცხვინო ფაქტებს, თუ როგორ დადიოდნენ „ნაცმოძრაობის“ კონკრეტული წარმომადგენლები ევროკავშირის სტრუქტურების დერეფნებში და როგორ ემუდარებოდნენ პარტნიორებს, არ დაეშვათ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივება, რადგანაც ეს მათ პარტიულ ინტერესებში არ შედიოდა,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ეს დღესაც ასე გრძელდება და ზოგიერთმა მთავარ საქმედ პოლარიზაცია და რადიკალიზაცია დაისახა, ევროპულ სტრუქტურებში ეწევიან აგიტაციას, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ელექტორალურად სრულიად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები, რომელთაც არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვთ, არ აკლებენ მცდელობას, გააღრმავონ რადიკალიზაციის ნიშნული, ტყუილების პროპაგანდით საზოგადოებაში გამოიწვიონ ტემპერატურის აწევა და ძალადობით დააბრუნონ სააკაშვილი ხელისუფლებაში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ანტიკონსტიტუციურ მისწრაფებებს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესარჩლება, რომელიც ანტიკონსტიტუციურობისა და რადიკალიზმის მხარდამჭერია და არჩევს, რომელ რადიკალთან ითანამშრომლოს, კეზერაშვილთან თუ გახარიასთან და მერაბიშვილთან.

„ამ ლიბერალურ-ბოლშევიკურ-ფაშისტური დაჯგუფების მიზანია, სიცრუის პროპაგანდით, საკუთარი ქვეყნის მტრობით მიაღწიონ საწადელს, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.