დავით მათიკაშვილი - ევროპელი კოლეგების მხრიდან კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული, რომ არჩევნები თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა
დავით მათიკაშვილი - ევროპელი კოლეგების მხრიდან კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული, რომ არჩევნები თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა

ძალიან მკაფიო გზავნილები იყო გაკეთებული ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან, ჩვენი საზოგადოების და კონკრეტულად ოპოზიციის მისამართით. კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული, რომ არჩევნები თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გზავნილებმა სტიმული უნდა მისცეს ოპოზიციას, რომ მოლაპარაკებაზე ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ამასთან, მათიკაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, გადაწყვეტილება ქვეყნის საკეთილდღეოდ მიიღოს.

„წესით, ეს არის საკითხი, რომელმაც მეტი სტიმული უნდა მისცეს ოპოზიციას, რათა საღი, რაციონალური და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნას მიღებული მოლაპარაკების მაგიდასთან.

ის, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პოსტულატის სიცრუეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამიტომ, ყველა არგუმენტი ამ კუთხით ოპოზიციას რეალურად ხელთ არ აქვს. შესაბამისად, ნათელია, რომ პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად არის გამოწვეული. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, „ქართული ოცნება“ მზად არის, მიიღოს რაციონალური და სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და რა თქმა უნდა, ზეპარტიული უნდა იყოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის დღის წესრიგის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ რეფორმების პროცესს განაგრძობს.

„საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ისეთი წარმოდგენა პასუხისმგებლობაზე, თითქოს ხელისუფლებას გააჩნია 110 პროცენტი პასუხისმგებლობა და ოპოზიციას მინუს ათი პროცენტი. ასე ნამდვილად არ ირის. ოპოზიციას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ცხადია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მეტია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს და დგამს ყველა ნაბიჯს. პარლამენტში დღეს მოქმედებეს საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხი. რომელზეც ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა არა ერთი ნათელი დასკვნა გააკეთეს. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული პარლამენტში მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელმაც კონკრეტული პროექტი წარადგინა, რამაც თავის მხრივ, ჩვენი საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების მხრიდან მოწონება უკვე დაიმსახურა.

მიუხედავად იმისა, რა დგას ოპოზიციის დღის წესრიგში, „ქართული ოცნება“ რეფორმების პროცესს განაგრძობს. რეფორმები უწყვეტი პროცესია 2012 წლიდან დღემდე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მომენტისთვის ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ იყო მორგებული. მხოლოდ ამ ერთადერთ პარტიას აძლევდა ბენეფიტებს არჩევნებზე. შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობის ისეთი რეფორმა მოხდა, რომელმაც განაპირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, პარლამენტი მულტიპარტიული და პლურალისტული აღმოჩნდა. ჩვენ რეფორმების გატარებას არ ვწყვეტთ. ჩვენი მიზანია, 2024 წელს გავაკეთოთ შესაბამისი განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე.

მეორე საკითხია მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველა მობრძანდეს რაციონალური წინადადებით და გაითვალისწინოს ჩვენი ევროპელი კოლეგების კონკრეტული მითითებები. გაითვალისწინოს სამართლიანობის პრინციპები და ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.