დავით მათიკაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და დებატებს ყავლი აქვს გასული, სააკაშვილის მეგობარი ევროპარლამენტარები ისეთ ტყუილებს ამბობენ, რომ თავიანთი კოლეგებიც აღარ უსმენენ

16:50, 26.11.2026

იმ ფონზე, როდესაც დანაშაული აღიარებულია, ევროპარლამენტში სააკაშვილის მეგობრები, ძმაკაცები გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეს ყველაფერი ტყუილია და ევროპული დონის მომღერალი პაატა ბურჭულაძე ციხეში უსამართლოდ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სააკაშვილთან განსაკუთრებულ მეგობრობაში მყოფი დეპუტატები გამოდიან და დიდ ტყუილებს საუბრობენ.

„ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და დებატებს  ყავლი აქვს გასული. სააკაშვილის მეგობარი ევროპარლამენტარები ისეთ ტყუილებს ამბობენ, რომ მათ თავად ევროპარლამენტარებიც აღარ უსმენენ. უკვე ეს მერამდენე ე.წ. დებატია – დებატი სავსე დარბაზში, საინტერესო საკითხებზე იმართება, რომელსაც, სულ მცირე, დეპუტატების ნახევარზე მეტი მაინც ესწრება. აბსოლუტურად ცარიელ დარბაზს უკვე მერამდენედ ვხედავთ? რამდენიმე ადამიანი ზის ისე, რომ თვალმა შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს მათი იქ ყოფნა. სააკაშვილთან განსაკუთრებულ მეგობრობაში მყოფი დეპუტატები გამოდიან და დიდ ტყუილებს საუბრობენ.

ღიმილის მომგვრელიც აღარ არის, როდესაც ბურჭულაძეზე საუბრობენ. იმ ადამიანზე, რომელმაც  4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბა. მან ხალხი დარაზმა და მათ მოუწოდა, როგორ უნდა მოეხდინათ იმ გეგმის რეალიზება, რასაც  ხელისუფლების ხელში ჩაგდება ერქვა. ვნახეთ, როგორ ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას და გასაღები როგორ უნდა ჩაებარებინათ. ზოდელავამ და სხვებმა დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს. ამ თხოვნას სახელმწიფო ადეკვატურად უდგება და შესაბამის ნაბიჯს დგამს. იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც დანაშაული აღიარებულია, ევროპარლამენტში სააკაშვილის მეგობრები, ძმაკაცები გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეს ყველაფერი ტყუილია და ევროპული დონის მომღერალი ციხეში უსამართლოდ არის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში 25 ნოემბერს დებატები გაიმართა რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

მსგავსი