დავით მათიკაშვილი - ევროპარლამენტი უნდა იყოს უფლებების დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ვხედავთ მცდელობას, თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ევრობიუროკრატია უმძიმეს ვითარებაშია
ევროპარლამენტი უნდა იყოს უფლებების დაცვის სადარაჯოზე, ნაცვლად იმისა, რომ იქიდან ვისმენდეთ ხმამაღალ განცხადებას, როგორ უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა დაცული, ვხედავთ, პირიქით, თავდასხმას თავისუფალ მედიაზე და მცდელობას, თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, არანაირი ფასი, არ შეიძლება, ჰქონდეს ისეთ დოკუმენტს, სადაც სიმართლის ხვედრითი წილი არის ნულთან გათანაბრებული.
„ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე დაინიშნა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში მომხსენებლად, იქიდანვე გახდა ნათელი, რა მოხსენებაც გაკეთდებოდა საქართველოზე, ბუნებრივია, ეს იქნებოდა გაჯერებული სააკაშვილის მეგობრობის და არა ქართველი ხალხის მეგობრობის პასაჟებით. ძალიან კარგად ვიცით ქალბატონი რასას დამოკიდებულება დამნაშავე, სადისტური რეჟიმის შემოქმედი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. ევროპარლამენტი, ევროკავშირის საკანონმდებლო წარმომადგენლობითი ორგანო უნდა იყოს უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ნაცვლად იმისა, რომ იქიდან ვისმენთდეთ ხმამაღალ განცხადებას, როგორ უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა დაცული, ჩვენ ვხედავთ, პირიქით, თავდასხმას თავისუფალ მედიაზე და მცდელობას, თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ქართული ხელისუფლების მიდგომებს, ის არის აბსოლუტურად ღია, გახსნილი და ასეთ განცხადებებს სამართლიან, გულწრფელ ღია პასუხს გასცემს.
„ეს არის თავდასხმა ხალხზე, ქართველი ხალხის არჩევანზე. მოდით, გულწრფელები ვიყოთ, რა არ მოსწონთ იქ? არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი, ის შედეგი, რა შედეგიც 2024 წლის არჩევნების შემდეგ დადგა. ყველაფრის მიზეზი არის ეს, აქედან იწყება ყველაფერი და, პრაქტიკულად, იმით, რომ თავს ესხმიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, თავს ესხმიან ქართველი ხალხის არჩევანს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არ შეიძლება, ორმაგი სტანდარტი არსებობდეს.
„წესი, დემოკრატიული წესრიგი არის ერთი დიდ ბრიტანეთშიც, საქართველოშიც, საფრანგეთშიც და ყველგან, სადაც კი დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია. ამიტომ, როდესაც ადამიანების რაღაც აპარტეიდულად მცირე ჯგუფი ცდილობს, თავს მოახვიოს და ძალმომრეობა იქონიოს სრულიად ქვეყანაზე, სახელმწიფო ადეკვატურია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აისახება მსგავსი ანგარიშების და რეზოლუციების მიღება ქვეყნის იმიჯზე და, გარკვეულწილად, მიღწეულია თუ არა უკვე ამ ნაწილში ოპოზიციის მიზანი, რომელიც თავადვე აღიარებს, რომ ეს არის ქვეყნის ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ მეხუთე კოლონა საქართველოში რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესების და ქართველი ხალხის ინტერესებისთვის არ მოქმედებს, ეს ისტორიულადაც დადასტურებულია და დღეს ჩვენ, ყველანი, ამ ყველაფერს ონლაინ რეჟიმში ვაკვირდებით.
„რაც შეეხება ევროპარლამენტს, ევრობიუროკრატია დღეს არის უმძიმეს ვითარებაში, მართლაც დაემსგავსა ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირს და რაღაც მომენტებში და მოცემულობაში გადააჭარბეს კიდეც, უფრო ღრმად წავიდნენ დესტრუქციაში, ვიდრე ეს იყო საბჭოთა კავშირში. ევროპარლამენტის ის ძალები, რომლებიც ამ უსუსურ, უნიათო, სიმართლისგან დაცლილ რეზოლუციებს უჭერენ მხარს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ, თუმცა აქ ჩვენ მეორე ამბავი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპარლამენტში არიან ასევე ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ხომ მოვისმინეთ არაერთი განცხადება, სადაც პირდაპირ ევროპარლამენტში ხდება გაკრიტიკება ამ უსამართლობის? უსამართლო რეზოლუციას რომ იღებს, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ევროპარლამენტში ღირებულებები, რომლის გარშემოც ევროკავშირი შეიქმნა, პრაქტიკულად, არის ნიველირებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელიც მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი.