დავით მათიკაშვილი - ევრობიუროკრატიისთვის სამწუხარო მოვლენაა, როცა ტყუილებით გაჯერებულ ტექსტს პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში აცხადებს ნაკომუნისტარი ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე
მერამდენე რეზოლუციაზე ვსაუბრობთ უკვე, ეს არის სამწუხარო მოვლენა ევრობიუროკრატიისთვის. ცხადია, ევროკავშირს ასეთი მასშტაბით ჩვენ არ შევეხებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მათიკაშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რა შეფასებას მისცემს ევროპარლამენტის საკმაოდ მკაცრ მოწოდებებს, რაც რეზოლუციაშია ასახული და გულისხმობს პერსონალურ სანქციებს არა მხოლოდ ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, არამედ, მათი აზრით, საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეებისთვისაც, არის მოწოდება, რომ SWIFT-დან გათიშონ ფინანსური სისტემა. შესაძლოა, რეკომენდაციის სახით არის ეს ყველაფერი, მაგრამ თუნდაც განცხადებების დონეზე, როდესაც ასეთი ტიპის ჩანაწერები კეთდება რეზოლუციაში, არის თუ არა ქვეყნისთვის დამაზიანებელი?
„ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, როდესაც სრულიად აბსურდულ, კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი ტყუილებით გაჯერებულ ტექსტს პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში აცხადებს ნაკომუნისტარი ქალბატონი რასა, ელაპარაკება საკუთარ თავს, რადგან არავინ არ უსმენს, რადგან იქ, ელემენტარულად, ორი-სამი კაცის მეტი არავინ არ არის და იმ ორი-სამი კაციდან მისივე ამ საუბრის კრიტიკოსი კოლეგები გამოჩნდნენ, რომლებმაც ძალიან მკაცრად გააკრიტიკეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 480-მა დეპუტატმა, რაზეც დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ ხდება ევროპარლამენტში საკითხების გატანა.
„აქ არის კონკრეტული პარტია, კონკრეტული ჯგუფია ადამიანების, რომლებსაც დღეს ავად თუ კარგად, და, სამწუხაროდ, დღეს უფრო ავად, ევროპარლამენტში უკავია უმრავლესობის მანდატი და, რომელთა ეს რადიკალური ნაწილი არიან მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები. მინდა, საზოგადოებამ მიაქციოს სათანადო ყურადღება იმას, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც 2012 წლამდე, მაშინ, როდესაც საქართველოში იყო ტოტალური დარღვევა ადამიანის უფლებების, რაც ძალიან რბილად ნათქვამია, რადგან იყო ადამიანების მოკვდინება, მოკვლა პირდაპირ ქუჩაში, წამება და გაუპატიურება ციხეებში, იყო ქონების დატაცება ბიზნესიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ, იყო ქართული მიწა-წყლის დარიგება ოკუპანტებისთვის და ა.შ., მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ, თვალებზე ხელები ჰქონდათ აფარებული და იმ დიდ უბედურებას, რაც საქართველოში ხდებოდა, საერთოდ არ აფასებდნენ, ხოლო თუ აფასებდნენ, მხოლოდ დადებითად, და რამე გვიკვირს? დღეს, როდესაც ჯერ კიდევ ომი მიმდინარეობს უკრაინაში და საქართველოს საკითხი ჯერ კიდევ არის იმ გლობალური ძალებისთვის საინტერესო, რომ აქ ხელისუფლება შეცვალონ და ის მარიონეტები მოიყვანონ, ვინც მათ დაკრულზე იცეკვებს და საქართველოს დიდ უბედურებაში გახვევს, გასაკვირია, რომ, აი, ეს ადამიანები უკვე მერამდენედ, ინფორმაციულად სიმართლისგან სრულიად დაცლილ დოკუმენტს იღებენ ტაშისკვრით, ოღონდ ამ ყველაფერს ცარიელ დარბაზში უყვებიან საკუთარ თავს?“ – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი რეზოლუციების მიმართ კრიტიკა მანამდეც იყო, მაგრამ ამ ჯერზე კარგად გამოჩნდა, რომ ევროკავშირში, ევრობიუროკრატიაში, ევროპარლამენტში საღი აზრის მობილიზება და მომძლავრება მიმდინარეობს.
ამასთან, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს წერტილი დაუსვა ეუთო/ოდირ-ის მიერ თავის დროზე, 2024 წელს გამოქვეყნებულმა დასკვნამ, რაც შემდგომი გამოხმაურებებითაც არის გამყარებული, მაგალითად, ეუთო/ოდირ-ის გენერალური მდივნის ცოტა ხნის წინანდელი განცხადებით. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ იყო ასევე მწვავე შეფასებები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში და რატომ იყო მოთხოვნილი ახალი არჩევნები, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საუბარი არ იყო არჩევნების შედეგებზე.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ძალიან კარგად ჩანდა იმ ძალების დესტრუქციული შინაარსი და ხასიათი, რომლებსაც საქართველოში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა არ სურთ. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ამ ყველაფერს გააჩნია თავისი ალგორითმი; ალგორითმი უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, როგორ ახდენენ ძალმომრეობას ქართველ ხალხზე, როგორ სურთ, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც უნდათ იქ ევროპარლამენტში თუ სხვა მსგავს ფორუმებში არსებულ იმ ძალებს, ვინც დღეს წარმოადგენენ იმ გლობალურ ნეგატიურ რესურსს, რასაც ტრაპმა „დიფ სთეითი“ უწოდა და ბრძოლა გამოუცხადა აშშ-ში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.