დავით მათიკაშვილი - 4 ოქტომბრის 9 აპრილთან შედარება ნიშნავს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოსავალს ეძებენ, მშვიდობიანი თუ იყო აქცია, რამ განაპირობა, რომ ეს ადამიანები იქ არ დადგნენ
ბაჩო ახალაიამ სასჯელი კი მოიხადა, მაგრამ „მიტყდებაო“ იმ ჭრილში რომ ეთქვა, რაც მან 2012 წლამდე დაატრიალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი გასაგები იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომოტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, 9 აპრილთან ძალადობრივი 4 ოქტომბრის შედარება ნიშნავს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოსავალს ეძებენ.
„ამ ადამიანის წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მოგვეცით უფლება ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ეს ადამიანი ამ ყველაფერში მართლაც აქტიურად იყო ჩართული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საგამოძიებო სტრუქტურების მიერ უნდა დადგინდეს. ის რეპლიკები და პასუხები, რაც მან ჟურნალისტებს საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე მისცა, საზოგადოება შეიძლება, იმ აზრამდე მიიყვანოს, რომ ნამდვილად არ არის შორს ძალადობრივი აქციებისგან. ეს ყველაფერი საგამოძიებო სტრუქტურებში უნდა დადგინდეს და დადასტურდეს. თითის აქეთ-იქით გაშვერას და ისეთი ფორმულირების მოძიებას ცდილობენ, რომელიც თითქოს მათ იმ პასუხისმგებლობას აარიდებს, რა პასუხისმგებლობაც ხმლის ამღებს მოელის. ხმლის ამომღები ხმლითვე დაეცემა. ეს აქცია თუკი მშვიდობიანი იყო, მაშინ რამ შეუშალა ხელი და რამ განაპირობა, რომ ეს ადამიანები, ვინც ასე გულით ეთანხმებოდნენ და თანაუგრძნობდნენ ამ აქციას, იქ არ დადგნენ. რა საჭიროა, ტელეეთერიდან ამ ყველაფრის ცქერა, როდესაც ფიზიკურად იქ მისვლა ყველას მარტივად შეეძლო. ბევრი კითხვაა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. გამოკითხვამდე მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „4 ოქტომბერი არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი“. მისი თქმით, ძალიან რცხვენია, რომ ხალხი ციხეში ზის, თავად კი მოვლენებს სამზარეულოდან ადევნებდა თვალს.