დავით მათიკაშვილი - დიპლომატების მიმართ რიტორიკა აჩვენებს, რომ სააკაშვილი დეგრადაციის გზაზე დარჩენილ ფსკერსაც გასცდა
დავით მათიკაშვილი - დიპლომატების მიმართ რიტორიკა აჩვენებს, რომ სააკაშვილი დეგრადაციის გზაზე დარჩენილ ფსკერსაც გასცდა

მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა დიპლომატების, სტრატეგიული პარტნიორებისა და ასევე იმ ქვეყნის მიმართ, რომლის მოქალაქეც თავად არის, აჩვენებს, რომ ალბათ, დეგრადაციის გზაზე კიდევ რაღაც ფსკერია და ეს ადამიანი იმ ფსკერს გასცდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ  დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, საკითხთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებას შესაბამისი რეაქცია ექნება.

„სავარაუდოდ, ამ ყველაფერზე უკრაინის ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს და ამას დაველოდებით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებულს უწოდებს.

სააკაშვილი კომენტარს აკეთებს უკრაინის ელჩის განცხადებაზე და აღნიშნავს, რომ დოლგოვი „საბჭოთა ფუნქციონერია“.

„საქართველოში უკრაინის ელჩი, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მიზნით, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯის შელახვას. ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინელი სახალხო დეპუტატები არ გამგზავრებულიყვნენ, როგორც დამკვირვებლები, საქართველოში გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართელოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა კომეტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხდებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

„ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ახლა, როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ხდება ფოკუსირება მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

დატოვე კომენტარი