დავით მათიკაშვილი - დღეს აღსრულდა კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება და არ მომხდარა არაფერი განსაკუთრებული, რაზეც შესაძლებელია, ასეთი ვნებათაღელვა იყოს
დავით მათიკაშვილი - დღეს აღსრულდა კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება და არ მომხდარა არაფერი განსაკუთრებული, რაზეც შესაძლებელია, ასეთი ვნებათაღელვა იყოს

დღეს აღსრულდა კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რომელზეც შესაძლებელია, ასეთი ვნებათაღელვა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აბსოლუტურად ყველა რესურსი დაკარგა, რომ ქვეყანა აედუღებინა, რასაც ეს დესტრუქციული ძალა ყველა არჩევნების წინ გვპირდებოდა. საბოლოო ჯამში, ვერც საერთაშორისო პარტნიორები აიყოლია და როცა ყველა მხრიდან მოუცვდა ხელი, სახელმწიფოსთან პირდაპირ კონფრონტაციაზე წავიდა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

დებატში მონაწილე „ლელოს“ წევრის, კახა კოჟორიძის შეკითხვაზე, „ჯდება თუ არა პოლიციის დღევანდელი მოქმედება ევროპულ სტანდარტში“, დავით მათიკაშვილმა უპასუხა, რომ ეს იყო უმაღლესი ევროპული და ამერიკული სტანდარტით ჩატარებული საპოლიციო ოპერაცია.

„ოპერაცია ძალიან მაღალი სიზუსტით ჩატარდა. ფაქტობრივად, არავინ დაზიანებულა და ეს ოპერაცია მართლაც შეიძლება, ჩაიწეროს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესოდ შესრულებული საპოლიციო ოპერაცია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ნიკა მელიამ დესტრუქცია პიკში მიიყვანა, რომლის იქით ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო აუცილებლად მიიღებდა შესაბამის ზომებს.

„არავის ხელი არ წაუცდებოდა, მაგრამ სპეცრაზმი რომ ისე მოქცეულიყო, როგორც ნიკანორ მელიას პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქცეოდა, ისე რომ დაერბია, როგორც 26 მაისს მიწაზე დაყარა ხელგაკავებული ადამიანები და იქაურობა სისხლის მდინარეებით მორწყო, ამ ხალხს, რომელიც იმწუთას მასთან ერთად იყო, ფაქტობრივად, ხომ მსხვერპლად სწირავდა მელია, მაგრამ მან ძალიან კარგად იცოდა, რა ძალასთან ჰქონდა საქმე და ეს დესტრუქცია პიკში მიიყვანა, იმ წერტილში, რომლის იქით ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო აუცილებლად მიიღებდა შესაბამის ზომებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ორ მოვლენას, კაპიტოლიუმზე თავდასხმასა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმას შორის განსხვავება არ არის და ქართული სახელმწიფოს პასუხი სრულიად შესაბამისი იყო.

„კაპიტოლიუმზე თავდასხმა რატომ არის შიდა ტერორიზმი და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმა როგორ არის გმირობა?! ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე შტურმის დროს 250 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ნიკანორ მელია, ეგზალტირებულ ჯგუფთან ერთად, როგორ ცდილობდა, პარლამენტში შემოჭრილიყო. ახლა მითხარით, რა განსხვავებაა ამ ორ მოქმედებას შორის? აშშ-ში სხვა შეფასებაა და საქართველოში სხვა? არა, ბატონო. კანონის დარღვევა, სახელმწიფოსთვის ხელთათმანის გადაგდება და მისი სიმტკიცეზე გამოცდა ვერც ერთი ქვეყნის ხელისუფლების მიერ ვერ იქნება მიღებული ტოლერანტულ ნაბიჯად და მას რეაგირება აუცილებლად მოჰყვება. ეს ძალიან კარგად იცოდა ნიკანორ მელიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ მზაკვრობა სწორედ მად არის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მათიკაშვილმა დებატებში მონაწილე „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებს მიმართა, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს არ აჰყვნენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს ვეღარ მოიგებს. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, ვისთან ჰქონდა საქმე და ამიტომ, მათ აღარასოდეს აღარ აირჩევს. იმისთვის, რომ მათ რევოლუციური სცენარი შეუნარჩუნდეთ, ე.წ ფსევდო ერთობა სჭირდებათ. ამისთვის მოხდა თქვენი და კიდევ სხვა პატარ-პატარა პარტიების პროცესში ჩათრევა და რომ არა „ქართული ოცნების“ მცდელობა, თქვენ პარლამენტში ელემენტარულად, ვერ შეხვიდოდით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დატოვე კომენტარი