დავით მათიკაშვილი – დემოკრატია როდესაც საფრთხის წინაშე დგას ანტიკონსტიტუციური პარტიების საქმიანობით, რა თქმა უნდა, მან თავი უნდა დაიცვას, ამის ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა მათი აკრძალვაა
საკონსტიტუციო სარჩელი დასაბუთებული და მტკიცებულებებით გაჯერებულია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პარტიების საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციას პირდაპირ ეწინააღმდეგება და სახელმწიფოებრივი წესწყობილების წინააღმდეგ არის მიმართული.
„სარჩელში მოცემულია ის დანაშაულებრივი კასკადი, რომელიც კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ 2012 წლამდე მოემართებოდა. მათი საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციას პირდაპირ ეწინააღმდეგება და სახელმწიფოებრივი წესწყობილების წინააღმდეგ არის მიმართული. ამიტომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი სწორი და დემოკრატიული გამოსავალი ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობაა.
თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც დემოკრატია საფრთხის წინაშე დგას ანტიკონსტიტუციური პარტიების საქმიანობით, რა თქმა უნდა, მან თავი უნდა დაიცვას და ამის ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა მათი აკრძალვაა. ბუნებრივია, მათი აკრძალვა სხვა ოპოზიციურ პარტიებს საშუალებას მისცემს, მეტი არეალი ჰქონდეთ ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში. რაც შეეხება გარე კრიტიკას, აქაც ორმაგი სტანდარტია. აქაც არასწორი დამოკიდებულება ჩანს, ტყუილით გაჯერებული, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ გააჩნია ევრობიუროკრატიას. როდესაც ევროპაში კონკრეტული პარტიები იკრძალება, ისინი ამას დემოკრატიულად აღიქვამენ, საქართველოში კი იგივე დემოკრატიულ უკუსვლად ფასდება. ახლა მათ აგენტურული ოპოზიცია ხელიდან ეცლებათ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.