დავით მათიკაშვილი – ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც საქართველოს პატრონობდა, მისთვის დაბრალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ფული იშოვა, უტიფრობაა

17:38, 29.10.2026

უტიფრობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან სააკაშვილი, გვარამია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას დღევანდელი განცხადება დადასტურებაა, რა დიდი ქველმოქმედება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, როცა 2012 წელს „ნაცრეჟიმი“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა.

„მსგავსი უტიფრობა წარმოუდგენელია. უტიფრობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან სააკაშვილი, გვარამია. ეს არის მცდელობა, თავიდან გადაწერონ უახლესი ისტორია. ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი ადამიანია, რომელსაც საქართველოში კაპიკი არ უშოვია და მთელი მისი საქმიანობა ქველმოქმედების დიდი ისტორიაა. ბიძინა ივანიშვილმა 1994 წელს ბიზნესიდან თანხა ამოიღო და საქართველოს ასობით ტრაქტორი აჩუქა. მაშინ, როცა პრაქტიკულად იწყებდა ბიზნესსაქმიანობას. ეს ის ადამიანია, რომელიც 2002-2003 წლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტს თანხას იქით აძლევდა, რომ ჩინოვნიკებისთვის ხელფასები დაერიგებინა და მათ ხელი არ წაცდენოდათ კორუფციაზე, მაგრამ სააკაშვილს და მისნაირებს კორუფციისგან რა დააზღვევს?! ეს ის ადამიანია, რომელმაც პატრული, თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ინფრასტრუქტურა შექმნა. ისეთი მასშტაბის ობიექტები შექმნა, რომლებიც სახელმწიფოს გადასცა. ამ ადამიანმა საქართველოში ეკლესია-მონასტრები ააშენა. რომელი ერთი გითხრათ? ეს ადამიანი ათწლეულები ქართულ კულტურას ინახავდა მაშინ, როცა უმძიმესი დრო იყო ქართული კულტურის წარმომადგენლებისთვის. ეს ის ადამიანია, რომელიც საქართველოს პატრონობდა. მისთვის იმის დაბრალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ფული იშოვა, უტიფრობაა. წარმოიდგინეთ, რა დონის პოლიტიკურ ნაძირლობასთან გვაქვს საქმე. გვარამიას განცხადება დადასტურებაა, რა დიდი ქველმოქმედება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, როცა 2012 წელს „ნაცრეჟიმი“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა“, — განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, რაში ემიჯნება წინა ხელისუფლებას.

„ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს ერთადერთი პირი, სხვათა შორის, არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი