დავით მათიკაშვილი - ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა ქვეყანაში, რომელსაც პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია
დავით მათიკაშვილი - ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა ქვეყანაში, რომელსაც პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით,  ერთადერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია, აბსოლუტურად ყველა პრობლემას გაუმკლავდეს, 2012 წლიდან მიღწეული ყველა მონაპოვარი შეინარჩუნოს და ქვეყანა წინ, ევროპისა და უკეთესი მომავლისკენ წაიყვანოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ამაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

დეპუტატის შეფასებით, ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. სამწუხაროდ, პარტიული დღის წესრიგით შეიარაღებული ჟურნალისტი ქმნიდა დესტრუქციულ ნიადაგს და საზოგადოებამ ვერ შეძლო გაეგო იმაზე მეტი, რაც ითქვა, შეეძლო უფრო მეტის გაგებაც. ბიძინა ივანიშვილმა ყველა კითხავს გასცა ამომწურავი პასუხი და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ წარმოადგენს დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადამწყვეტ, ერთადერთ სწორ პოლიტიკურ ძალას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილით და ბინძური მეთოდებით უპირისპირდება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას სიმართლე დაანახა.

„მედიასივრცე და საარჩევნო გარემო ისეთ რეჟიმშია, როდესაც ყოველგვარი მორიდების გარეშე, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ე.წ ლიდერები ყველა ტყუილსა და სიბინძურეს კადრულობენ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და დაანახა საზოგადოებას სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული ტელევიზია თავისი დღის წესრიგით ამისთვის ხელის შეშლას ცდილობდა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაივლის და საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„საზოგადოება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ის არ დაუჭერს მხარს მოსკოვს, კგბ-ს და პუტინს. მწამს, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს საქართველოს, ევროპასა და სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა დეპუტატმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.