დავით მათიკაშვილი - აშშ-ში დამტკიცებულმა აქტმა ცხადყო, რომ არანაირი პირობები ჩვენს ურთიერთობაში არ არსებობს და სანქციებზე საუბარი მხოლოდ ოპოზიციის მონაჭორია
დამტკიცებულმა აქტმა ცხადყო, რომ არანაირი პირობები აშშ-საქართველოს ურთიერთობაში არ არსებობს და სანქციებზე საუბარი მხოლოდ ოპოზიციის მონაჭორია, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას, სადაც კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოსადმი მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა.
დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სენატის მიერ 2021 წლის სამხედრო პოლიტიკის ავტორიზაციის აქტის დამტკიცება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ურყევ მხარდაჭერას.
„დოკუმენტში შესაბამისი გზავნილებია გაკეთებული, სადაც აშშ ყოველგვარი პირობითობის გარეშე ქვეყნის სტრატეგიული განვითარების, მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და თავდაცვის სფეროს ურყევ მხარდაჭერას აცხადებს. ნათელია, რომ კიდევ ერთხელ ჩავარდა ოპონენტების მხრიდან მცდელობა, რომ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინათ დოკუმენტი და იქ არსებული ფაქტებისთვის არასწორი ინტერპრეტირება მიეცათ.
საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები და ეს დოკუმენტი არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმის, რომ 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლების მხრიდან ზედმიწევნით შესრულდა, ოპოზიციამ კი, ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია.
შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ამ დოკუმენტში არ მოხვდა კრიმინალის გვარი და სახელი. სენატის მხრიდან დამტკიცებულმა აქტმა წერტილი დაუსვა ჩვენი ოპონენტების მხრიდან მანიპულაციის მცდელობას, თითქოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რაიმე პირობის დაყენებით და სანქციებით ემუქრება სტრატეგიულ ურთიერთობას და პარტნიორობას. ეს არის მტკნარი სიცრუე და დამტკიცებულმა აქტმა ცხადყო, რომ არანაირი პირობითობა ამ ურთიერთობაში არ არსებობს და სანქციებზე საუბარი მხოლოდ ოპოზიციის მონაჭორია“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.