დავით მათიკაშვილი - აქციებს, სადაც საზოგადოებისთვის ტყუილის თავს მოხვევაა დაგეგმილი, მხარდაჭერა ვერ ექნება, ქვეყანაში არეულობის, ქაოსის შემოტანის მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული
დავით მათიკაშვილი - აქციებს, სადაც საზოგადოებისთვის ტყუილის თავს მოხვევაა დაგეგმილი, მხარდაჭერა ვერ ექნება, ქვეყანაში არეულობის, ქაოსის შემოტანის მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საკუთარი ტყუილები მოახვიოს თავს საზოგადოებას და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს. აქციებს, სადაც ტყუილისა და თითიდან გამოწოვილი ამბების საზოგადოებისთვის თავს მოხვევაა დაგეგმილი, ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელიც 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული ჯგუფების მცდელობა, ქვეყანაში არეულობა მოაწყონ და განვითარების ტემპი შეაფერხონ, ფიასკოსთვის არის განწირული.

„რადიკალური ოპოზიციისგან უამრავი სპეკულაცია, ტყუილი და საკუთარი დღის წესრიგის ხალხის დღის წესრიგად გასაღების მცდელობა გვაქვს მოსმენილი და ნანახიც. ქართული საზოგადოებისთვის არახალია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული ჯგუფების სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყონ, ქაოსი შემოიტანონ და ქვეყნის განვითარების მდგრადი ტემპი შეაფერხონ. ასეთი მცდელობა აქამდეც ყოფილა, მაგრამ ყველა ეს მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული, რადგან, ელექტორალური მხარდაჭერის კუთხით, ამ პარტიების მხარდაჭერა ნულის ტოლია. იდეებიც, რომლებსაც ეს ბატონები აჟღერებენ, საზოგადოების მოტყუების მცდელობაა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლის არჩევანი დიდი ხნის წინ არის გაკეთებული და სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ არის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ქვეყნის საგარეო კურსზე. ძალა, რომელმაც ამ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ამ რადიკალურ პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საკუთარი ტყუილები მოახვიოს თავს საზოგადოებას და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს. აქციებს, სადაც ტყუილისა და თითიდან გამოწოვილი ამბების საზოგადოებისთვის თავს მოხვევაა დაგეგმილი, ცხადია, ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება. აქამდეც ვნახეთ 80-150-კაციანი აქციები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა, დაანონსებული კი იყო, რომ ზღვა ხალხი უნდა მისულიყო“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, უნდა შეიკრიბონ, რათა ყველამ გაიგოს, რომ მათი ურყევი ნება ძლიერი და ერთიანი საქართველოს მშენებლობასთან, ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით არასდროს გადაიხედება.