დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერების პეტიცია განიხილა და ხელმომწერთა ნამდვილობა ვერ დაადგინა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა პეტიცია, რომლის მხარდამჭერებიც ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნას ითხოვენ და მიიღო გადაწყვეტილება, მის განხილვაზე ავტორებს უარი ეთქვათ. დავით მათიკაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი მხოლოდ ტექნიკური ხარვეზებია.
მისი, თქმით პეტიციის 13 900-ზე მეტი მხარდამჭერიდან არცერთი მათგანი არ აწერს ხელს, არ უთითებს ტელეფონის ნომერს და პირადი ნომერი კი მხოლოდ ერთს აქვს მითითებული.
„პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარეს პეტიციის განაცხადი წარედგინება წერილობით ან/და ელექტრონულად. ამავე მუხლის მეოთხე პრიმა პუნქტის თანახმად, წერილობით წარდგენილი განცხადება პეტიციაზე, პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი პეტიციის 13 900-ზე მეტი მხარდამჭერიდან, არც ერთი მათგანის შემთხვევაში არ არის მითითებული ტელეფონის ნომერი. ამასთან, არცერთი მხარდამჭერის შემთხვევაში არ არის განხორციელებული ხელმოწერა, ხოლო პირადი ნომერი მითითებულია მხოლოდ ერთი მხარდამჭერის შემთხვევაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მეხუთე პრიმა პუნქტის შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც 203-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. აქედან გამომდინარე, ყველა მხარდაჭერის შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა არ აღემატება 300 პირის ხელმოწერას, შესაბამისად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილება არის ერთმნიშვნელოვანი. პეტიციის ავტორს უარი უნდა ეთქვას პეტიციის განხილვაზე, რადგანაც ტექნიკური თვალსაზრისით ის არ შეესაბამება რეგლამენტის მოთხოვნებს“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ პეტიციის სულისკვეთებას ეთანხმება და სრულად იზიარებს, თუმცა კომიტეტი ვალდებულია ხელმოწერების ნამდვილობაზე იმსჯელოს.
„ჩვენი კომიტეტის ვალდებულებაა პეტიციის ხელმოწერების ნამდვილობის საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ. სწორედ ამას გვავალდებულებს ჩვენ რეგლამენტი, რომ ისე უნდა იყოს პეტიცია წარმოდგენილი, რომ იდენტიფიცირებადი იყოს ხელმომწერი. უნდა იყოს კონკრეტული მოცემულობა პირადი ნომრის, ტელეფონის ნომრის ხელმოწერის სახით, რომ გადამოწმებადი იყოს შემდგომ ეს საკითხი.
რადგან ამ საკითხს გააჩნია თავისი პოლიტიკური მდგენელი, პოლიტიკური მნიშვნელობა დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, მინდა, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა, არაერთგზის იყო უკვე გაცხადებული, მთავრობის მეთაურის დონეზე და ყველა პოლიტიკური აქტორი ამას ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ვართ სრულიად მზად, რაც მალე მოხდება ევროკავშირის მხრიდან რაიმე ფორმით, იქნება ეს წერილობითი ფორმით , თუ გადაწყვეტილების მიღების ფორმით მოლაპარაკების გახსნა საქართველოსთან, მყისიერად დავეთანხმოთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ინტერესია. ამ შემთხვევაში, როგორც იტყვიან, ბურთი არის ევროკავშირის მხარეს. ევროკავშირისგან ველოდებით ჩვენ ამ ნაბიჯს და მყისიერად დავეთანხმებით როდესაც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული. რაც მალე, მით უკეთესი. უბრალოდ ეს ახლა არის სრულიად ევროკავშირის მხარეს. ამ კუთხით ჩვენ ვართ სულისკვეთებაში თანაზიარი არა მხოლოდ პეტიციის ავტორების და ხელმომწერების, არამედ მთელი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის, რომელთაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან ერთად, აქვთ ძალიან დიდი სურვილი, ეს პროცესი დროულად მოხდეს. უბრალოდ, ეს არ უნდა იყოს შანტაჟის და პედალირების ინსტრუმენტი. ამიტომაც იყო გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი მხრიდან და ახლა ჩვენ თავიდან ბოლომდე ველოდებით ევროკავშირიდან შემოთავაზებას. შესაბამისად, ამ კუთხით პოლიტიკურ ნაწილში ეს ცალკე საკითხია და ამაში ცხადია, ჩვენც უმრავლესობასთან ერთად ვართ სურვილის თანაზიარი“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს მიღებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ პეტიცია რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება, პარლამენტის ბიუროს გადაუგზავნის.