დავით მაღრაძე - თუ თავაზიანობა და მოკრძალება დაკარგეთ, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან, სანამ მიგითითებთ კარისკენ
დავით მაღრაძე - თუ თავაზიანობა და მოკრძალება დაკარგეთ, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან, სანამ მიგითითებთ კარისკენ

ხელისუფლებაში რაც უფრო მეტად ჩათვლიან, რომ იგნორირება უნდა გაუწიონ საზოგადოებასა და მოსახლეობას, მით უფრო გამძაფრდება პროტესტი, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ისევ იმ გზაზე ვდგავარ, რა გზაზეც ვიდექი. თუ ხელისუფლება გადავიდა ამ გზიდან, რა თქმა უნდა, ეს გაუგებრობა და ეს პროტესტი გაიზრდება, მთელი სიმძაფრითაც გაიზრდება. რაც უფრო მეტად ჩათვლიან, რომ იგნორირება უნდა გაუწიონ საზოგადოებასა და მოსახლეობას, მით უფრო გამძაფრდება ეს პროტესტი. მე არ ვამძაფრებ, ამძაფრებს ხელისუფლება. არ ვიცი, რა ამპარტავნებაშია შესული, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ უთქვენოდაც მაგრები ვართ, ჩვენ ამომრჩეველიც არ გვჭირდება, ჩვენ მარტოებიც გავალთ არჩევნებზე. როგორც მხედარმთავარი მაკედონელიც კი, არავისთან პარალელს არ ვავლებ, მაგრამ მაკედონელიც ვერ გაიმარჯვებდა ჯარის გარეშე, ისე პოლიტიკოსი არჩევნებს ამომრჩევლის გარეშე ვერ იგებს. თუ თავაზიანობა და მოკრძალება დაკარგეთ, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან, სანამ მიგითითებთ კარისკენ. თქვენით ჯობია, რომ ამას მიხვდეთ“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

ამასთან, დავით მაღრაძემ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზეც ისაუბრა.

„მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლება ეჯიბრება საზოგადოებას. ხშირად უკითხავთ, რომელია საზოგადოება და სად არის ის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – საზოგადოება არის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს. ეს არის ქართული საზოგადოება, ფრანგულიც და სომხური საზოგადოებაც. ამ ხალხს ყოველთვის ეჭიდავებიან ის ადამიანები, ვისაც უჭირს ღირსეულ ხალხთან ურთიერთობა. თავისუფალ ხალხთან ურთიერთობა თუ გაუჭირდა ადამიანს, ეძებს უკვე იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ ამ კატეგორიებით არ ცხოვრობს და არ აზროვნებს. ვფიქრობ, ამასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლებამ თვალსაჩინო, სამარცხვინო არჩევანი გააკეთა მოსამართლეებზე, ყველა შეგნებულმა ადამიანმა იცის, რითი „ისახელა“ ამ ხალხმა თავი, ხელისუფლებამ მოსამართლეებს ყველაზე სანიმუშო-სამარცხვინო წიაღში დაუწყო ძებნა“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.