დავით კვირცხალიას ერთა ლიგაზე საქართველოს ჯგუფი მოეწონა - 13 მაისის ფინალს რომში ვერ ვუყურეთ, რადგან პაპი ზუსტად იმ დღეს დაჭრეს #1TVSPORT
დავით კვირცხალიას ერთა ლიგაზე საქართველოს ჯგუფი მოეწონა - 13 მაისის ფინალს რომში ვერ ვუყურეთ, რადგან პაპი ზუსტად იმ დღეს დაჭრეს #1TVSPORT

„საფეხბურთო ტაიმაუტს“ საინტერესო სტუმარი ჰყავდა – ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, ბევრისთვის საყვარელი მსახიობი დავით კვირცხალია, რომელმაც ფეხბურთთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენა.

„მესიამოვნა თქვენი მიწვევა, რადგან ამ გადაცემაში ყოფნა ყოველთვის სანატრელია. მე ვლადიმერ გუცაევის თაობის კაცი ვარ და ჩემთვის ფეხბურთი იყო ყველაფერი. ბავშვობა ამით იწყებოდა და დღემდე ასე მოვდივარ. „დინამო“ რომ მოიგებდა, ცე-კა-ს (ცენტრალური კომიტეტის) მდივანი გამოდიოდა და აცხადებდა, რომ შრომის ნაყოფიერება 10-15 პროცენტით გაიზარდა.

– ერთა ლიგის წილისყრას ვუყურე და მშვენიერი ჯგუფია. თუ რამე პრეტენზია გვაქვს, უნდა გავიდეთ. მინდა ჩვენს გუნდს წარმატებები ვუსურვო. წაგებულის ფსიქოლოგიით არ უნდა ვითამაშოთ. „კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ“ არ მჯერა, მაგრამ ასეთებიც ყოფილა. ისე გულშემატკივრის მიკვირს, ცოცხალი მარადონა თბილისში ჩამოვიდა და სტადიონი ცარიელი იყო.

– ყველაზე მაგარი ფეხბურთელი და გუნდი? ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე – ჩემთვის ასეთი „დინამო“ იყო. შემდეგ „ბარსელონისტი“ გავხდი, მაგრამ მესი რომ წავიდა, ჩემთვის დიდი ეპოქა დასრულდა. „დინამო“ კი ჩემი სიყვარული იყო და არის.

– ნოდარ ახალკაცი ფეხბურთში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მიმაჩნია. ჩემს გარემოცვაშიც იყვნენ, ვინც მას აკრიტიკებდა, მაგრამ ახალკაცმა გენიალური პლეადა შექმნა. იქ არ იყო სუსტი, ისეთი სათადარიგოები იყვნენ, ვინც არ უნდა გამოეყვანა, ყველა კარგად გამოიყურებოდა. სიხარულად მარტო „ვესტ ჰემთან“ და „ლივერპულთან“ მოგებები გვყოფნიდა, რომელთა სახელები ჩვენთვის დამთრგუნველი იყო. გუნდში ინდივიდები იყვნენ და ყველას არღვევდნენ.

– სხვათა შორის, ნოდარ ახალკაცი სტურუასთან თეატრში რეპეტიციებზე დადიოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ბატონმა რობერტმაც სტარტი აიღო და მისი დიდება იწყებოდა. ბატონი ნოდარი რომ გარდაიცვალა, რობიკოსთან ერთად ვიყავი და მახსოვს მისი დამწუხრებული ნათქვამი, როგორც დიდ მოვლენას ისე აფასებდა. რას იწერდა ახალკაცი იმ რეპეტიციებზე, არ ვიცი.

– 13 მაისს გასტროლები გვქონდა რომში და თეატრის დირექტორი გვარად ტიტო იყო. თეატრის ფოიეში დიდი ტელევიზორი დაგვიყენა, სპექტაკლი გვქონდა, მაგრამ მისი მსვლელობის დროს თამაში ყველას ერთად უნდა გვენახა. იმ დღეს კატასტროფა მოხდა, რომის პაპი იოანე პავლე მეორე თურქმა ტერორისტმა, აგჯამ დაჭრა. შეიცვალა სატელევიზიო ბადე, ლაივში აჩვენებენ, რომის პაპი საავამდმყოფოში რომ მიიყვანეს და ამ ტერორისტს რომ კითხავენ, ვისღა ახსოვს ფინალი.

– ჩვენ კი დაბოღმილები ვართ, თამაშს ვერ ვუყურებთ. „რიჩარდ მესამეს“ ვთამაშობდით და შუა სპექტაკლის დროს რამაზ ჩხიკვაძემ გვახარა, მოვიგეთ, მოვიგეთო! ტრაგედია სხვა სახით უნდა გვეთამაშა, მაგრამ ისე გაგვიხარდა… ამიტომ ვამბობ, ფეხბურთი ყველანაირ საზღვრს არღვევდა.

– ერთი კარგი ისტორიაც მაქვს მოსაყოლი. ხობის რაიკომის მდივანი ნუგზარ ნადარაია გადასარევი კაცი იყო. მანამდე ხობი დაბა იყო და ქალაქის სტატუსი მის დროს მიიღო. ჩავყავდით თეატრები, ოლიმპიური სტანდარტის კომპლექსი მოაწყო. ერთ-ერთ დღეს ქართველ ვეტერანებთან შეხვედრა მოაწყო და მსახიობებიც მიგვიწვია, მაგრამ მოხდა საშინელება, ქუთაისის ქალაქკომის მდივანი მამუკა ასლანიკაშვილი გარდაიცვალა და ეს ჩვენი ღონისძიება ჩაიშალა. იქ, ახლოს აქვს მურმან ჯინორიას სოფელი და ტბაზე წავედით სათევზაოდ, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა. მეორე მხარეს კი ვიღაც ორი კაცია და ვხედავთ, თევზებს კარგად იჭერენ. წავედი და რას ვხედავ, მიშა მესხი და სლავა მეტრეველი! გული კინაღამ გამისკდა! წამოვიყვანე, მურმან ჯინორიასთან და რობიკო სტურუასთან ერთად დავსხედით და მსგავსი ქეიფი არ მახსენდება. ღამე გავათენეთ, ამ ორ გენიოსთან ასეთი შესანიშნავი ამბავი მაკავშირებს“.