დავით კირკიტაძე - ნიკა მელიას გათავისუფლების პროცედურის დაწყებას მისგან არანაირი თანხმობა არ სჭირდება, ხელისუფლების ხელში არის ციხის გასაღები, მელიას ხელში სიმართლე
დავით კირკიტაძე - ნიკა მელიას გათავისუფლების პროცედურის დაწყებას მისგან არანაირი თანხმობა არ სჭირდება, ხელისუფლების ხელში არის ციხის გასაღები, მელიას ხელში სიმართლე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლების პროცედურების დაწყებას მელიასგან არანაირი თანხმობა არ სჭირდება.

„ხელისუფლების ხელშია დღეს ციხის გასაღები და მელიას ხელშია სიმართლე. საზოგადოება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან წინადადებები გაკეთებულია და ველოდებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

არანაირი თანხმობა არ ესაჭიროება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, უფრო კონკრეტულად, პროკურატურამ შეიტანოს სასამართლოში მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა და შესაბამისად დააკმაყოფილოს სასამართლომ. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის პარლამენტარებისგან წინადადება მისი მხრიდან არის მიღებული და ველოდებით ხელისუფლებას“, – აღნიშნა კირკიტაძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს.

„არაფერს განსხვავებულს ნიკა მელია არ ამბობს, ის დღესაც ადასტურებს, რომ რა პროცესიც მიმდინარეობს მის მიმართ, არის პოლიტიკური და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორს და მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს ძალიან დიდი სურვილი აქვს და ძალიან საჭიროა, ნიკა მელია ჩართული იყოს პროცესში, ის დგამს შესაბამის ნაბიჯებს“, –  განაცხადა დავით კირკიტაძემ.