დავით კირკიტაძე - ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან პოლიტიკური წარსულითაც და ხასიათითაც 
დავით კირკიტაძე - ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან პოლიტიკური წარსულითაც და ხასიათითაც 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გახდა. როგორც პარტიის წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, ახალი თავმჯდომარე უზრუნველყოფს, რომ პარტიაში გადაწყვეტილებების მიღება გამჭვირვალედ და ფართო ჩართულობით მოხდეს.

ამასთან, როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი სისტემა დანერგა, რომლის საშუალებითაც მისი მხარდამჭერები შეძლებენ, ელექტრონული ფორმით მონაწილეობა მიიღონ პარტიის სამოქმედო გეგმებსა და გადაწყვეტილებებში.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური წარსულით და ხასიათითაც ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, თუმცა პერსონების ხასიათს და მათ პოლიტიკურ წარსულს ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ის გამოწვევები, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მხარდამჭერების, ამომრჩევლების წინაშე. ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ახლა იქნა მიღებული, რომ ყველა გადაწყვეტილება და ყველა ნაბიჯი ელექტრონულად, ფართო ჩართულობით უნდა იყოს მიღებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ეს უნდა გაგრძელდეს. ახალი თავმჯდომარე, ნიკა მელია მზად არის, რომ რაც შეიძლება ფართო ჩართულობით, ღიად და გამჭვირვალედ მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ იმპლემენტაცია.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, იცით რომ ქვეყანა შესულია ღრმა პოლიტიკურ ჩიხში. ახალი თავმჯდომარის გამოწვევა ესეც იქნება, გარდა პარტიული სტრუქტურების და ახალი სისტემების დანერგვისა. ახალი თავმჯდომარე და ახლებური მიდგომა არის ის, რომ გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საზოგადოებისა და ჩვენი მხარდამჭერების ჩართულობით. ეს ადამიანები თუ გადაწყვეტენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრძოლის ერთადერთ გზად უნდა აირჩიოს აქციები, ასეც იქნება, ხოლო თუ გადაწყვეტენ, რომ პროტესტის სხვა ფორმა აირჩიონ, იქნება ისე. ფაქტი ერთია – მოვიდა დრო და უკვე საზოგადოებას აქვს იმის საშუალება, რომ ელექტრონულად, ფართო ჩართულობით მივიღოთ ყველა გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დატოვე კომენტარი