დავით კირკიტაძე - მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა მთავარია და მზადაა, ებრძოლოს ოლიგარქიულ რეჟიმს
დავით კირკიტაძე - მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა მთავარია და მზადაა, ებრძოლოს ოლიგარქიულ რეჟიმს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, პარტია მიესალმება ყველა პოლიტიკური ძალასთან, საზოგადოებრივი მოძრაობასა თუ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნას უერთდება.

კირკიტაძემ უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა თანამშრომლობის პესპექტივას „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“.

„მივესალმები ყველა პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი მოძრაობის, არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართულობას. ისინი არიან ობიექტურნი და ისევე, როგორც ჩვენ, მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და სამკურნალოდ გადაყვანას. ჩვენ მათ ვხედავთ სასამართლო პროცესებზეც, ისინი კარგად აცნობიერებენ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და დგანან სწორ პოზიციაზე, მადლობას მოვახსენებ მათ. მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესში, ბუნებრივია, იქნება წამყვანი ძალა და მათთან ერთად ჩვენ ვაპირებთ, ეს სირცხვილი ავიშოროთ, რადგან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ან მიხეილ სააკაშვილის მომხრეების წინაშე მდგარი დიდი გამოწვევა, ისევე, როგორც არ იყო თავის დროზე მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მომხრეების დასაცავი. ამიტომ ეს უნდა იყოს მასშტაბური და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ყველაფერს მივაღწევთ“, – განაცხადა კირკიტაძემ.

კირკიტაძე გამოეხმაურა „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადაც ხაზარაძე ამბობს, რომ ახალი პოლიტიკის, ახალი ძალების გაერთიანების დროა.

ასევე, მან უპასუხა კითხვას, ფიქრობს, თუ არა, რომ ნიკა მელია შესაძლოა, „ლელოს“ შეუერთდეს.

„მე პოლიტიკური ანალიტიკოსი ხომ არ ვარ, პროგნოზებს ხომ არ გავაკეთებ?! ჩვენ ვხედავთ ასე, რომ ყველასთან, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა მთავარია და მზადაა, ებრძოლოს ოლიგარქიულ რეჟიმს, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კირკიტაძემ.