დავით კირკიტაძე - მივესალმები ყველა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩევნების ღიად ჩატარებას, ვისურვებდი, კამპანია ჩატარდეს კორექტულობის ფარგლებში, ისე, როგორც შეჰფერის „ნაციონალურ მოძრაობას“
დავით კირკიტაძე - მივესალმები ყველა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩევნების ღიად ჩატარებას, ვისურვებდი, კამპანია ჩატარდეს კორექტულობის ფარგლებში, ისე, როგორც შეჰფერის „ნაციონალურ მოძრაობას“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, პარტიაში გაჯანსაღების, პარტიული განმტკიცების პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მიესალმება, რომ პარტიაში ყველა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩევნები ღიად, გამჭვირვალედ და მხარდამჭერების ჩართულობით ჩატარდეს.

„თქვენი მაღალი ინტერესი და საზოგადოების ინტერესი ადასტურებს, რომ პარტიაში ნამდვილად კარგი პროცესი მიმდინარეობს – გაჯანსაღების, პარტიული განმტკიცების პროცესი. კარგად მოგეხსენებათ კამპანია, ახალგაზრდებმა, საინიციატივო ჯგუფმა წამოაყენა წინადადება, რომ პარტიაში აბსოლუტურად ყველა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩევნები ჩატარდეს ღიად, გამჭვირვალედ და ჩვენი მხარდამჭერების ჩართულობით. ამას მივესალმები. ვისურვებდი, კამპანია ჩატარდეს კორექტულობის ფარგლებში, ისე, როგორც შეჰფერის „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი გააკეთებს სწორ არჩევანს, შეარჩევს ისეთ ადამიანს, რომელსაც ამომრჩევლის მხრიდან ექნება მხარდაჭერაც, მაღალი ლეგიტიმაციაც, სანდოობაც და შემდეგში ადეკვატურად უპასუხებს გამოწვევებს, რაც დგას „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, როგორც დავით კირკიტაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ პარტიის ყველა მხარდამჭერს მიეცეს შესაძლებლობა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რათა სასურველ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, იქნება  ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, ჰქონდეს საშუალება, არჩევნებში  მიიღოს მონაწილეობა, შეარჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატი და დაუჭიროს მხარი. კომისიამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს, არჩევნები ჩატარდეს დაცულ გარემოში და არჩევნებმა ნაკლები შეკითხვები გააჩინოს, არ მოხდეს მანიპულირება. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ პარტიის წევრები ღიად ვერ აფიქსირებენ პოზიციებს, ვის დაუჭერენ მხარს. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას“, კირკიტაძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საარჩევნო პროცესი დაიწყება, აუცილებლად იტყვის, ვის უჭერს მხარს.

„რას ჰქვია, ვერ ვაფიქსირებ. აუცილებლად დავაფიქსირებ მას შემდეგ, რაც დაიწყება საარჩევნო პროცესი. მას შემდეგ, რაც კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილი და გავეცნობი მათ გეგმას, აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას რომელიმე კანდიდატურის სასარგებლოდ. მეც, ისევე, როგორც ამ პარტიის ბევრ გულშემატკივარს, მხარდამჭერს და წევრს, ბუნებრივია, გვაქვს სურვილი, მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი პარტიის გაჯანსაღებასა და გაძლიერებაში“, – განაცხადა კირკიტაძემ.