დავით კირკიტაძე - დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებას ხელს არ უწყობს, მსგავსი ნაბიჯები პოზიციებს უფრო აშორებს
დავით კირკიტაძე - დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებას ხელს არ უწყობს, მსგავსი ნაბიჯები პოზიციებს უფრო აშორებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გააცნობიერა, რომ პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებას არ უწყობს ხელს დაფინანსების შეწყვეტა.

მისი თქმით, ხელისუფლებას არ ყოფნის გონიერება, პოზიციები დაახლოვოს.

„პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არ არის უმნიშვნელო და სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ თავის დროზე ეს გადაწყვეტილება, საბიუჯეტო დაფინანსება გავუკეთეთ პოლიტიკურ პარტიებს.

ძალიან სამწუხაროა, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გააცნობიერა, რომ პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებას არ უწყობს ხელს დაფინანსების შეწყვეტა და მაინც მიდიან ამ ნაბიჯზე. თუმცა, ჩვენ გვახსოვს და არ გვავიწყდება, რას წერდა რამდენიმე წლის წინ პარლამენტის დღევანდელი ლიდერი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არ ყოფნის კეთილგონიერება, დაახლოოს პოზიციები. ორმაგი სტანდარტები, როდესაც ერთი მხრივ აცხადებდა, კარგი პროცესია, როდესაც პოლიტიკური პარტიები იღებენ დაფინანსებას და არ უნდა იყოს დამოკიდებული პარტიების ბოიკოტზე, მეორე მხრივ, დღეს ვხედავთ, რომ მსგავს ვითარებაში კარდინალურად რადიკალურად იქცევა.

ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ამას აკეთებს. ეს ნამდვილად არ აახლოებს პოზიციებს. ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები კიდევ უფრო აშორებს პოზიციებს, ნამდვილად არ უწყობს ხელს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. კრიზისის განმუხტვის მეთოდი არის ერთადერთი – დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს არის აპრობირებული, ნაცადი მეთოდი აბსოლუტურად ყველა საპარლამენტო დემოკრატიაში“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.