დავით კირკიტაძე - არასოდეს გამოგვიყენებია „ისფედი“ იმის სამტკიცებლად, რომ არჩევნები გაყალბდა
დავით კირკიტაძე - არასოდეს გამოგვიყენებია „ისფედი“ იმის სამტკიცებლად, რომ არჩევნები გაყალბდა

ჩვენ არასოდეს გამოგვიყენებია „ისფედი“ იმის სამტკიცებლად, რომ არჩევნები გაყალბდა, უამრავი მტკიცებულება, როგორც ვიდეო ასევე ფოტომასალა იყო წარმოდგენილი და საზოგადოებამ ნახა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირტიკატაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენა, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

„პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ეს პრაქტიკულად არ ცვლის არაფერს. ჩვენ არასოდეს გამოგვიყენებია „ისფედი“ იმის სამტკიცებლად, რომ არჩევნები გაყალბდა. უამრავი მტკიცებულება, როგორც ვიდეო ასევე ფოტომასალა იქნა წარმოდგენილი და საზოგადოებამ ნახა. ამის ნახვაც არ ესაჭიროებოდა საზოგადოებას, ისინი თვითონ იყვნენ მომსწრენი იმისა, რა ბარიერების გადალახვა უწევდათ საარჩევნო უბანთან, რათა ხმა მიეცათ. ეს რა თქმა უნდა, ყველგან არ ხდებოდა, თუმცა საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ოქმებია გადაკეთებული, დიდ ნაწილში ბალანსი არ ჯდება, დიდი ნაწილში საარჩევნო უბნებთან პირდაპირ ძალადობა იყო და იყო იარაღებით სირბილი და ასე შემდეგ. ამ ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ის რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია. სწორედ ამ ფაქტების ერთობლიობამ და ხელისუფლების პოლიტიკური ნების უქონლობამ, რომ ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მიგვიყვანა პოლიტიკურ ჩიხამდე“, – განაცხადა კირკიტაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესს, როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი არ აქვს, თუმცა პროცესში ფასილიტატორი ელჩების პატივისცემის ნიშნად.

„ჩვენი ფასილიტატორი ელჩების პატივისცემის ნიშნად ვმონაწილეობთ ამ პროცესში. გულწრფელად ვისურვებდი, ხელისუფლებას ეყოს კეთილგონიერება და განმუხტოს კრიზისი ისე, როგორც აბსოლუტურად ყველა საპარლამენტო დემოკრატიაში ხდება ხოლმე კრიზისის განხილვა და ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. აქ სიახლე არაფერი არ არის, ყველგან ასე ხდება. ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი არ მაქვს, თუმცა, ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას ელჩების მიმართ და გვსურს კონფლიქტის დასრულება მოლაპარაკებების გზით“, – განაცხადა კირკიტაძემ.