დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფმა დაწესებულებებმა ფართის დათმობაზე უარი უთხრეს
დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფმა დაწესებულებებმა ფართის დათმობაზე უარი უთხრეს

23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს დიდ შეკრებას და მინდა, მწუხარებით აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკვე ვლინდება ხელის შეშლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფმა დაწესებულებებმა ფართის დათმობაზე უარი უთხრეს.

„მოახლოვდა 23 ნოემბერი, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს დიდ შეკრებას და მინდა, მწუხარებით აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკვე ვლინდება ხელის შეშლა, ეს გამოიხატება შემდეგში: ჩვენ მივმართეთ არაერთ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებას, მაგალითად, როგორიც არის ახალი სპორტის სასახლე, ასევე ძველი სპორტის სასახლის იჯარით აღებისთვის მფლობელ კომპანიას, სამწუხაროდ, ამ კომპანიების მხრიდან ჩვენ გვეთქვა უარი. მაშინ, როდესაც „ალტინფოს“, აშკარად გამოხატულ რუსულ ძალებს არ აქვთ არავითარი შეფერხება საკუთარი შეკრებები ჩაატარონ სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ შენობებში, მაგალითისთვის, თელავის თეატრში. ვხედავთ, როგორ გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევენ ჩვენ, რათა მოვაწყოთ შეკრებები და ღირსეულად აღვნიშნოთ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავი.

მანიფესტთან ერთად, 23 ნოემბერს ჩვენს შეკრებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები, ასევე იქნება აღნიშვნა, თუ რა მიღწევები მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის „ვარდების რევოლუციამ“ და ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული სახელმწიფოს, ხელისუფლების მხრიდან ხდება დაბრკოლება და ხელის შეშლა ამ გზაზე“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.