დავით კერესელიძე - ასეთ ნაკრებში მოხვედრა სადებიუტო გამოძახების ემოციებს უფრო ამაღელვებელს ხდის #1TVSPORT
მეკარე დავით კერესელიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაზე. გორის „დილის“ კიპერმა ემოციები ვერ დამალა.
„ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, ამბის გაგებისას პატარა შოკი მქონდა, რადგან ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. მოხვდე იმ ნაკრებში, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ერს უდიდესი სიხარული აჩუქა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ეს სადებიუტო გამოძახების ემოციებს კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის.
წელიწად-ნახევარია, უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა მაქვს, ყველა ჯერზე ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო და გუნდისთვის მაქსიმალურად დავიხარჯო. მეკარისთვის სათამაშო პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია. შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნულ გუნდში პირველ მიწვევას ძალიან კარგ კონდიციებში ვხდები. ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო ჩემი ქვეყნისთვის თითოეულ ვარჯიშზე – და თუ შესაძლებლობა მომეცემა – რაღა თქმა უნდა, თამაშშიც“, – ამბობს დავით კერესელიძე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო ფანჯარაზე 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ვილი სანიოლის გუნდი 5 ივნისს „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება, ხოლო 8 ივნისს ქუთაისში – კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდს.