დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა - მადლობა რაგბის, მადლობა საქართველოს
დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა - მადლობა რაგბის, მადლობა საქართველოს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კაჭარავამ სანაკრებო და საკლუბო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ თავად მორაგბემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გამარჯობა! დადგა დღე, რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე, როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა – როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ, ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს და მეგობრებს ხელშეწყობისთვის!

მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში.

მადლობა კლუბ ყოჩებს, მის პრეზიდენტს გუგა გეგენავას, მადლობა მწვრთნელებს!

განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება.

მეამაყება, რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს ვის გვერდშიც მითამაშია.

მადლობა რაგბის, მადლობა საქართველოს, იმისთვის რომ მენდო, იმისთვის რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა.

რაგბიმ ბევრად მეტი მომცა ვიდრე მე დავუბრუნე!

მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები….

თქვენს გვერდში ვიქნები ბიჭებო რითიც და როგორც შემეძლება….

წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბის!

რაგბი ჩვენი თამაშია!

მადლობა!

📌გამარჯობა! დადგა დღე რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო ასევე…

Posted by Davit Kacharava on Tuesday, September 8, 2020

 

დავით კაჭარავა „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში 2006 წლიდან თამაშობდა და მის ანგარიშზე 122 სანაკრებო კეპია, რომლიდანაც ოთხი კაპიტნის რანგში ჩაატარა. შუამარბს სანაკრებო კარიერის მანძილზე დადებული აქვს 25 ლელო. მონაწილეობა მიიღო ოთხ მსოფლიო თასზე – 2007, 2011, 2015 და 2019 წლებში.

მისი საკლუბო კარიერა „ყოჩებში“ დაიწყო. ითამაშა საფრანგეთის „ფედერალ 1“-ის კლუბ „ნიცაში“ და „როდეში“. ბოლო ექვსი სეზონი გაატარა რუსულ კლუბ „ენისეიში“ და გუნდთან ერთად ხუთჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

დატოვე კომენტარი