დავით კაჭარავა ტრავმას მალე მოიშუშებს
დავით კაჭარავა ტრავმას მალე მოიშუშებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა, დავით კაჭარავამ შესაძლოა 2 მარტს ბელგიასთან ითამაშოს. ქართველმა მორაგბემ ოქტომბერში, რუსეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, „ენისეის“ რიგებში ტრავმა მიიღო. მას შემდეგ, კაჭარავა რეაბილიტაციას გადის. ამჟამად 34 წლის ქართველი მორაგბე საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად „შევარდენის“ ბაზაზე, შეკრებაზე იმყოფება და უკვე ჩართულია საწვრთნელ პროცესშიც.

„სარეაბილიტაციო კურსი თითქმის დავასრულე , ნაკრების ექიმები აქტიურად მუშაობენ აღდგენით პროცესზე. ვფიქრობ, თებერვლის ბოლოს მოედანზე დაბრუნებას შევძლებ. სამწუხაროდ, რუმინეთთან მატჩი გამოვტოვე. კლუჟში ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. რუმინელებმა ყველა საუკეთესო მოთამაშე გამოიძახეს. ჩვენ კი მოედანზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა მორაგბე გვყავდა. საოცრად კარგი ახალი თაობა მოდის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების წევრმა დავით კაჭარავამ.