დავით კაჭარავა - რაგბიში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქმე გამჭვირვალედ უნდა წარვმართოთ #1TVSPORT
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, კომენტარი გააკეთა დავით კაჭარავამ – ვეტერანი ბორჯღალოსანის, ცენტურიონის ანგარიშზე ყველაზე მეტი – 121 სანაკრებო კეპია. მას საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ არჩევისას მხარი ყველამ ერთხმად დაუჭირა.
„ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ჩემი შრომით აუცილებლად გავამართლებ ამ ნდობას და დარწმუნებული ვარ, საქმეს წარმატებით წარვუძღვები. რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პასუხისმგებლობა რამდენიმეჯერ არის გაზრდილი და ვალდებულნი ვართ, საქმე ძალიან კარგად და გამჭვირვალედ წარვმართოთ“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.
მან კრიზისის დაძლევაც ახსენა:
„ამ კუთხით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგმულია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელიც რაგბის კავშირის ბიუჯეტის ზრდას შეეხებოდა, დავალიანების ნაწილის დაფარვის შესაძლებლობა მოგვცა; შეიქმნა ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“, რაც სპორტული კუთხით უმნიშვნელოვანესია. ბიჭებს მრავლად უნდა ჰქონდეთ მაღალი დონის თამაშები, რათა იქ მიღებული გამოცდილება ეროვნულ ნაკრებში გამოიყენონ“.
კაჭარავამ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მწვრთნელების გადამზადებაზეც ისაუბრა:
„მნიშვნელოვანი ძვრებია ინფრასტრუქტურის კუთხით. უკვე დაანონსებულია ახალი მოედნების მშენებლობა. ამ მხრივაც დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რადგან ასეთი კრიზისისა და შეზღუდვების ფონზე, რაგბის მოედნების მშენებლობა რომ ანონსდება, ეს უდიდეს მხარდაჭერაზე მეტყველებს; მეოთხე, უნიშვნელოვანესი პუნქტია ბავშვთა რაგბი და მასობრიობა. ჩვენ გვჭირდება გადამზადებული მწვრთნელები, რომლებიც ბავშვებს რაგბის ფასეულობებზე გაზრდიან“.
ვეტერანი ბორჯღალოსანი დარწმუნებულია, რომ გამგეობის საქმიანობა რაგბის სასიკეთოდ წაადგება:
„ჩემთვის მნიშვნელოვანია იდეა და ფასეულობა, რის გარშემო გამგეობა შეიკრა. ეს ფასეულობაა რაგბი და მისი განვითარებისთვის ხელშეწყობა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა პიროვნებების ან რეგიონების მიხედვით, არამედ იმისათვის, რომ ეს უკეთესი იქნება რაგბისთვის. რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა, და ვეცდებით, ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები“.