დავით გარეჯის საკითხზე გიდები საქართველოს საგარეო უწყებას მიმართავენ
დავით გარეჯის საკითხზე გიდები საქართველოს საგარეო უწყებას მიმართავენ

დავით გარეჯის საკითხზე გიდები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავენ. გიდის რუსუდან ჯაფარიძის თქმით, უწყებაში ხვალ შეიტანენ წერილს, რათა ჰყავდეთ მუდმივმოქმედი წევრი და ჰქონდეთ ინფორმაცია, რა ხდება მოლაპარაკებების პროცესში.

მისივე თქმით, დღეს შეიკრიბნენ გიდები, როგორც თავისუფალი, ასევე გიდების ასოციაციის წევრები, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და შეთანხმდნენ, რომ ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დავით გარეჯში არ ჩავლენ.

„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ქვეყანაში დესტაბილიზაციით, დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს პრობლემა. გავაკეთებთ მოთხოვნას, რომ გვყავდეს მუდმივმოქმედი წევრი და გვქონდეს ინფორმაცია, რა ხდება მოლაპარაკებების პროცესში, რა ეტაპზეა და რას უნდა ველოდოთ. ამ მოთხოვნით მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და შევიტანთ ხვალ წერილს. დღეს შეხვედრა ვერ მოხერხდა. ვითხოვთ არა რაიმე საიდუმლო ინფორმაციას, არამედ რისი ცოდნის უფლებაც გვაქვს, იმის ფარგლებში, რომ ჩავერთოთ გიდები, რადგან ეს ყველას ინტერესშია“, – აღნიშნულია გიდების განცხადებაში.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა უკვე დაწყებულია.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. დავით გარეჯშიმომუშავე გიდის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ეკლესიიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა მალევე მოგვარდა.

დატოვე კომენტარი