დავით დონდუა ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებისა და არასამთავრობოების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
დავით დონდუა ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებისა და არასამთავრობოების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრა „ქალებზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებას ემსახურებოდა. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანაორგანიზებითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრიოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით დონდუამ თავის გამოსვლაში შეაჯამა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე ადგილზე არსებული ვითარება და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა. მან მიმოიხილა ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებზე გაწეული მუშაობა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოზიციების გამო, კვლავ ვერ ხერხდება ხელშესახები პროგრესის მიღწევა როგორც ძალის არგამოყენებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, ისე  ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე. დავით დონდუამ ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. აღინიშნა, რომ ეს საკითხები მუდმივად მწვავედ დგას როგორც ჟენევის მოლაპარაკებების, ისე გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღის წესრიგში. საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე,  მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით საოკუპაციო ხაზის გამაგრებასა და უკანონო დაკავებებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა აქტიურ ჩართულობასა და ქალთა საჭიროებებზე მუშაობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ისევე, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ძალისხმევას „ქალებზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებისა და ზოგადად, სამშვიდობო პროცესებში ქალთა აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით.