დავით ჭიჭინაძე - მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება
დავით ჭიჭინაძე - მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება

მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების კომენტირებისას განაცხადა.

მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება. მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მხოლოდ თავის თავის გადასარჩენად შემოდის. რადგან, დღეს მხოლოდ მიშა „აცოცხლებს“ ივანიშვილს, რადგან „ევრონაცებმა“ ალტერნატიული ძალის – „არა მიშა“ – შექმნა ვერ მოახერხეს და ამ ეტაპზე მათი მხოლოდ მარგინალიზება ხდება, როგორც ჩანს, ფსონი ამჯერად მამუკა ხაზარაძეზე იდება, როგორც ე.წ. ახალი პროდასავლური მოდელის, შედარებით ნაკლებად ცუდი ისტორიით. თუმცა ეს ვითომ „ნაკლებად ცუდი ისტორია“ რამდენად დაიტევს საბანკო სისტემის განუკითხაობისა და ბანკირების თავგასულობისგან დაზარალებულ ადამიანების ჯარს, თავისი წართმეული ქონებებით, ამას უკვე დრო გვაჩვენებს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. „მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე მამუკა ხაზარაძემ.