დავით ჭიჭინაძე - გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას „თიბისი ბანკი“ წმინდა ძროხასავით ხელშეუხებელი იყო
დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის 25 მილიონი ლარი ჩამოაწერეს.
პირველ არხთან საუბარში დავით ჭიჭინაძე ვერ აკონკრეტებს, მამუკა ხაზარაძისთვის თანხების ჩამოწერა რომელ საინვესტიციო პროექტს უკავშირდებოდა.
„2016 წელს, საინვესტიციო ვალდებულებების 40 მილიონის ჩამოწერა მოხდა. სახელმწიფომ ინვესტორებს შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებები ჩამოაწერა და ამით მათ საშუალება მისცა, ვალდებულებებისგან გათავისუფლებულიყვნენ. როგორც ვიცი, მამუკა ხაზარაძეს 25 მილიონი ჩამოაწერეს, მაგრამ რომელ პროექტთან მიმართებაში, არ ვიცი. მიღებული პრაქტიკა ყოფილა, რომ როცა ინვესტორები თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ, შეუსრულებელ საინვესტიციო ვალდებულებებს აწერდნენ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარე ეკა სისაურმა განმიმარტა, რომ თურმე, ქონების მართვის სააგენტოს მიერ დარიცხული ჯარიმა ჩამოწერას არ ექვემდებარებოდა, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობა კი, ჩამოწერას ექვემდებარებოდა. „თიბისი ბანკი“ წმინდა ძროხასავით ხელშეუხებელი იყო“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
დეპუტატის თქმით, 2016 წელს თანხების ჩამოწერა მთავრობის მიერ მოხდა.
„აღებული ვალდებულებების ჩამოწერა მთავრობის მიერ ხდებოდა. ინვესტორები ქონებას პირობებით რომ იღებენ, ამას მთავრობის პირდაპირი დადგენილებები მოჰყვება. მთავრობის დადგენილებით კი, თანხები იქნა ჩამოწერილი. გიორგი კვირიკაშვილი იყო ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი და ურთიერთობა სწორედ ამ ინვესტორებთან ჰქონდა. თანხების ჩამოწერა როდის მოხდა, ზუსტად საათი და წუთი არ მახსოვს.
როცა დეპუტატი გავხდი, ამ საკითხზე ეკა სისაურს კითხვა დავუსვი და მითხრა, რომ თანხების ჩამოწერის ასეთი პრაქტიკა ყოფილა. კარგად გვახსოვს, მამუკა ხაზარაძის როგორი პიარი მიდიოდა, თუ როგორი წარმატებული ბიზნესმენია. თუ მის განვლილ გზას გადავხედავთ, ბევრი ისეთი ფაქტი იარსებებს, რაც მთავრობებთან მის წარმატებულ თანამშრომლობაზე ბევრ კითხვას აჩენს.
პირველი შემთხვევაა, როცა მას პრობლემა შეექმნა და ნახეთ, როგორი ამბავი ატეხა. ბორჯომთან მიმართებაში გენერალურ ლიცენზიას ითხოვდა და უნდოდა, ბორჯომის ჩამოსხმა სხვებისთვის აეკრძალა, ის ფუნქცია აეღო, ვისაც უნდოდა, ლიცენზიას იმისთვის მიეცა. ლისის ტბის ამბავი გაიხსენეთ. 200 მილიონიან აუქციონზე გავიდა, ეს ფული გადაიხადა? – არ გადაიხადა, მაგრამ ლისის ტბა მის საკუთრებაში აღმოჩნდა. ბევრი ლაქაა, რაც დასაფიქრებელი და მოსაკვლევია. როცა ლისის ტბის აუქციონი იყო, ამ პერიოდს ის ფინანსური ოპერაციაც საეჭვოდ ემთხვევა, რაც ბანკში ჩატარდა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.