ფუტსალის ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრები გაიმართა – მოქმედმა ჩემპიონმა „თსუ“-მ „თბილისი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ვიცე-ჩემპიონი „თელასი“ 9:4 დაამარცხა და ორივე მათგანმა ფინალში გასასვლელად პირველი ნაბიჯი გადადგა.
თუმცა „თბილისის“ მთავარ მწვრთნელ მაქსიმ გარბუნოვს მიაჩნია, რომ ჯერ დაკარგული არაფერია.
„შანსი ყოველთვის არის. ბიჭებს მადლობა უნდა ვუთხრა, რადგან კიდევ ერთხელ ვითამაშეთ მოთამაშეთა შეზღუდული რაოდენობით – მხოლოდ 6 კაცი გვყავდა. სწრაფი გოლი გავუშვით და გეგმა „ა“-მ არ იმუშავა – 0:0-ის შენარჩუნებაზე რომ გვეთამაშა. ამის გამო, პრესინგით თამაში ხშირად გვიწევდა და ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ. რაღაცებით კმაყოფილი ვარ, რადგან ვიცი, რომ 6 კაცით თამაში უზომოდ რთულია, ფუტსალი კი ძალიან დინამიკური თამაშია. მეორე მატჩამდე 6 დღე დარჩა და ახლა მთავარი ფსიქოლოგიური მომზადება იქნება“.
თსუ-ს მთავარი მწვრთნელი დავით ბობოხიძე გამარჯვებით გახარებულია, მაგრამ გუნდის ფინალში გასვლაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევად მიაჩნია.
„ველოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა და მეტოქემ გვაჩვენა – იოლი მოწინააღმდეგე ნამდვილად არაა. ანგარიშიც ამაზე მეტყველებს. მეორე თამაშისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ და ის შეცდომები არ უნდა დავუშვათ, რაც დღეს გვქონდა – თამაში უფრო ცივსისხლიანად გვმართებს. წინასწარ ვერ იტყვი, ვინ რამდენ თამაშში მოიგებს. დაძაბული ჩემპიონატია და ჩემი აზრით, წყვილებში არაფერი გარკვეულა. სასიხარულოა, გულშემატკივარი ტრიბუნაზე რომ დაბრუნდა – ჩვენს მოგებაში მათი წვლილი დაახლოებით 30 პროცენტია“.