დავით ბაქრაძე - ზუგდიდის საკრებულოს წევრ გია დანელიას ვიდეოჩანაწერზე გამოძიება უნდა დაიწყოს
დავით ბაქრაძე - ზუგდიდის საკრებულოს წევრ გია დანელიას ვიდეოჩანაწერზე გამოძიება უნდა დაიწყოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას ვიდეოჩანაწერი პირდაპირი მოწოდებაა დანაშაულზე, რითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და გამოძიება დაიწყოს. როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, საზოგადოებამ უმძიმესი ტექსტი მოისმინა.

„ეს ჩანაწერი მართლია თუ არა, ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გვახსოვს, სადაც ამ ჩანაწერის შინაარსი პრაქტიკულად, ცხოვრებაში განხორციელდა. ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები გვახსოვს. ასევე ადმინისტრაციული შემთხვევების გამოყენების ფაქტებიც. უმძიმესი ფაქტები, რაც ჩანაწერშია, პრაქტიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ვიხილეთ. ეს პირდაპირი მოწოდებაა დანაშაულზე, ამ მოწოდებით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და გამოძიება უნდა დაიწყოს. ამ ჩანაწერს ამომრჩეველმა არჩევნებზე მოსვლით პასუხი უნდა გასცეს. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, როცა პოლიტიკური ნება არ არსებობს ცვლილებებისა და იმ რეკომენდაციების შესრულების, რაც ჩვენმა პარტნიორებმა გასცეს, საზოგადოების პასუხი არჩევნებზე მისვლა და ხელისუფლების დამარცხებაა. იმედი არ მაქვს, რომ ეს ჩანაწერი სამართალდამცველების რეაგირებას გამოიწვევს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ფარულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“. მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“.