დავით ბაქრაძე - ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს კარგად ესმის, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის
დავით ბაქრაძე - ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს კარგად ესმის, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის

დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვნად შესრულებას უკავშირდებოდა.

„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ ამ შეთანხმების შესრულებაზე დამოკიდებულია პოლიტიკური კლიმატის მომავალი საქართველოში. თუ მმართველი გუნდი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, თუ საქართველოში მართლაც ჩატარდება სრულფასოვანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, შეწყდება პოლიტიკური დევნა, ეს იქნება გადადგმული დიდი ნაბიჯი არა მხოლოდ ქვეყნის დამშვიდებისკენ, არამედ ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციისკენაც. თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, საქართველო შეიძლება, შევიდეს მეორე უფრო ღრმა კრიზისში და დაპირისპირებაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ყველა პარტნიორს კარგად ესმის, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის.

„ვისაუბრეთ ძლიან ბევრ თემაზე, მაგრამ საუბრის 80 პროცენტი დაეთმო სწორედ იმას, თუ რამდენად სრულდება ან არ სრულდება შეთანხმება, რა მდგომარეობაა საარჩევნო რეფორმის კუთხით, რა უნდა გაკეთდეს სასამართლო რეფორმის კუთხით, როგორ უნდა შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური დევნა  – ეს არის მთავარი თემები, რომელიც ნატო-სთან ერთად გვაწუხებს ჩვენ და აწუხებს ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც. რიკელის დაბრუნება დაკავშირებულია მისი მგზავრობის ლოჯისტიკურ დეტალებთან, აქედან მიდის აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, შემდეგ აქ დაბრუნდება და გაფრინდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ განსაკუთრებულ დატვირთვას ნუ ჩავდებთ მისი მეორედ ჩამოსვლის ფაქტში, მაგრამ ის იქნება აქ რამდენიმე დღე, არ გამოვრიცხავ, უფრო კერძო და მეგობრული ფორმატით კიდევ ერთხელ გვქონდეს შეხვედრა. ის, რომ დღეს ის აქ არის, უკვე ძალიან ნათლად ადასტურებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკაში ანიჭებენ საქართველოში არსებულ ვითარებას“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.