დავით ბაქრაძე - სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის
დავით ბაქრაძე - სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის

მიგვაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი და ცუდია ქართული დემოკრატიისთვის, მაგრამ როგორც პასუხისმგებლიანი და პროდასავლური ოპოზიცია ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა უნდა გაგრძელდეს სამართლებრივად.

„დღევანდელი გადაწყვეტილება ტოვებს სამართლებრივი გაგრძელების და დიდ პალატაში გასაჩივრების პერსპექტივას, რის გამოყენებასაც „რუსთავი 2“ აპირებს. მიმაჩნია, რომ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება სწორი გზაა. მინდა, ხელისუფლებას კატეგორიულად მოვუწოდო, მიყვნენ მათივე დაწესებულ სტანდარტს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. როდესაც ხელისუფლება აცხადებდა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საბოლოო იქნება მხოლოდ დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ. მათ მოვუწოდებ, საკუთარი სტანდარტი დაიცვან და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არ მოახდინონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება და ამით „რუსთავი 2“-ს გასაჩივრების შანსი არ წაართვან. „რუსთავი 2“-სთვის გასაჩივრების შანსის წართმევა ხელისუფლების მხრიდან აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკურად, სამართლებრივად ცუდი, დამაზიანებელი ნაბიჯი და არხის მითვისების მცდელობა.  ხელისუფლებას მოვუწოდებ, ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავოს. „რუსთავი 2“-ს მისცეს საშუალება, რომ ბოლომდე გამოიყენოს სამართლებრივი ბრძოლის ბერკეტები, რომელსაც მას სტრასბურგის სასამართლო და პროცესი აძლევს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.