დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში გიორგი რურუას გათავისუფლებისა და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ ჩაერთვება
დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში გიორგი რურუას გათავისუფლებისა და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ ჩაერთვება

საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ, – ამის შესახებ აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებაში.

„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრის შემდეგ საჯაროდ განვაცხადე, რომ ხელს ვაწერ და ვუერთდები მის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას, როგორც კრიზისის განმუხტვისა და საქართველოს ევროპული კურსის შენარჩუნების მექანიზმს, მაგრამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეში კონკრეტული შედეგების მიღწევამდე სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება. აღნიშნული პოზიციის შესაბამისად, დღეს არ ვესწრები პარლამენტის პლენარულ სხდომას და არ ვმონაწილეობ მის მუშაობაში. ჩემი პოზიცია უცვლელია – საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ“, – აღნიშნულია ბაქრაძის განცხადებაში.

დავით ბაქრაძე მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც დღეს მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაში.

„მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მათ მსგავსად, ვრჩები ერთგული პრეზიდენტ მიშელის შეთანხმების, მზად ვარ, სრულად ჩავერთო მის იმპლემენტაციაში და იმედი მაქვს, პოლიტპატიმრების სწრაფი გათავისუფლება შექმნის პირობებს მიშელის დოკუმენტზე ოპოზიციის დარჩენილი ნაწილის ხელმოწერისთვისაც, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შენარჩუნების, „ქართული ოცნების“ მშვიდობიანად დამარცხების და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.