დავით ბაქრაძე - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბუკლეტში ქართველ ხალხზე არც ერთი სიტყვა არ არის
დავით ბაქრაძე - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბუკლეტში ქართველ ხალხზე არც ერთი სიტყვა არ არის

ქალბატონო სალომე, თქვენ ბუკლეტში არსად არ არის ხალხი, გაჭირვებული ფენები, რასაც თქვენ ახსენებდით და რა არის თქვენი დაპირება, – ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ მიმართა.

„ქალბატონმა სალომემ ბრძანა, გაჭირვებულ ფენებზე ვიზრუნებო, მაგრამ მე ხელთ მაქვს მისი ბუკლეტი, რომელიც წინაპრებით იწყება, შემდეგ ბავშვობით გრძელდება, პარიზით, ა.შ და ბოლოს, სრულდება პირობით ისევ წინაპრების, ქვეყნის და მომავლის წინაშე. იმ ყველაზე მცირე ნაწილში, რაც მომავალს ეხება, ქალბატონი სალომე საუბრობს, რომ პრეზიდენტი მისი წინაპრების პატივსაცემად გახდება, მას უნდა პრეზიდენტობა და ის პრეზიდენტი იქნება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის წინაპრებს პატივს სცემს და საკუთარი წინაპრებიც ძალიან უყვარს, მაგრამ მისი აზრით, ის საქართველოს პრეზიდენტი უნდა გახდეს არა იმიტომ, რომ საკუთარ წინაპრებს მისცეს პირობა, არამედ იმიტომ, რომ პირობა მისცეს ქართველ ხალხს, თუ რას გაუკეთებს მას.

„ამ ბუკლეტში ქართველ ხალხზე არც ერთი სიტყვა არ არის და ეს არის ის, რითაც შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში მოდიხართ?“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძეს უპასუხა, რომ ეს ერთ-ერთი ბუკლეტია, სადაც მისი პიროვნული წარდგენა მოხდა, რადგან პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას პიროვნულად იღებს.

„ეს არ არის ჩემი საპროგრამო ბუკლეტი. როგორც ჩანს, ჩემი ყველა ბუკლეტი ვერ წაიკითხეთ, სადაც ყველაფერი წერია, რაც საჭიროა. ალბათ, წაკითხვა გაგიჭირდათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.