დავით ბაქრაძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება აშშ-ს სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს
დავით ბაქრაძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება აშშ-ს სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

სალომე ზურაბიშვილის სიტყვები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველო-ნატო-ს სამომავლო ვალდებულებებს, – ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ამერიკულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

დავით ბაქრაძე საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს ოფიციალურ განმარტებას, შეესაბამება თუ არა, საქართველოს ხელისუფლების პოზიციას სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

„საქართველოში ამერიკული და ზოგადად დასავლური სამხედრო ძალების განლაგება არის არა მხოლოდ ჩვენი მომავალი უსაფრთხოების გარანტია, არამედ საქართველოს ვალდებულება, როდესაც ის ნატო-ს წევრი გახდება. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის სიტყვები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველო-ნატო-ს სამომავლო ვალდებულებებს. ეს სწორედ ის განცხადებაა, რომელიც რუსეთის წისქვილზე პირდაპირ ასხამს წყალს, რომ საქართველო დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი არ უნდა იყოს, საქართველოში არ უნდა იდგნენ მეგობარი სახელმწიფოს დამცველი შეიარაღებული ძალები და ეს ქვეყანა მხოლოდ ოკუპანტი რუსის ჯარის ამარად უნდა იყოს.

მე, საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურ განმარტებას მოვითხოვ, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას სალომე ზურაბიშვილის განცხადება. განცხადება, რომელიც საქართველოს სამომავლოდ ნატოში გაწივრიანების ვალდებულებას და საქართველოს დასავლური უსაფრთხოების სისტემაში გაწევრიანებას პირდაპირ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, კითხვას, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით, ასე უპასუხა: „არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის განლაგებისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიურნი არიან. ჩვენ შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“.