დავით ბაქრაძე - სალომე ზურაბიშვილის გაგება მაშინაც რთულია, როდესაც უნდა, რომ ნათლად და გასაგებად ისაუბროს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გაუგებარი უწოდა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით გააკეთა.
„ნამდვილად რთული გასაგები განცხადებაა. როგორც წესი, ქალბატონი ზურაბიშვილის გაგება მაშინაც რთულია, როდესაც მას უნდა, რომ ნათლად და გასაგებად ისაუბროს; როდესაც ის რაღაც გამოცანებით საუბრობს, მით უმეტეს, ძალიან რთულია, გავიგოთ, რა დგას მისი განცხადების უკან.
ექიმებს კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩემს ძალიან ღრმა პატივისცემას. კორონავირუსის მიმართ კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეურიგებელი ბრძოლის აუცილებლობას, ხოლო ქალბატონი ზურაბიშვილის განმარტებას ამ შემთხვევაში მაინც ნუ მომთხოვთ, რადგან სიმართლე გითხრათ, მართლა ვერ მივხვდი, რა იგულისხმა ქალბატონმა ზურაბიშვილმა“, – განუცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ურთულესი კრიზისის დროს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. „ეს, უდავოდ, ჩვენი – ყველას გამარჯვებაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ომი არ დასრულებულა და ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში ყოფნას ვაგრძელებთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამ გლობალური გამოწვევის დროს ყველამ ერთნაირად ვერ გააცნობიერა სოლიდარობისა და ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა. „ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებას და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას, გადარჩენას ებრძვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.