დავით ბაქრაძე - საკონსტიტუციო შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, მხოლოდ ნახევარს, სადაც საუბარია საარჩევნო პროპორციებზე, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ
დავით ბაქრაძე - საკონსტიტუციო შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, მხოლოდ ნახევარს, სადაც საუბარია საარჩევნო პროპორციებზე, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნო პროპორციების ნაწილზე საუბრობს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო შეთანხმება პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და ლიდერების გათავისუფლებასაც მოიცავს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ შეთანხმება სანახევროდ ვერ შესრულდება.

„საკონსტიტუციო შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან – ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ლიდერების გათავისუფლება და საარჩევნო პროპორციების ნაწილი.

როდესაც „ქართული ოცნება“ საუბრობს მხოლოდ საარჩევნო პროპორციების ნაწილზე, მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ შეთანხმება სანახევროდ ვერ შესრულდება, არ არსებობს ნახევარი შეთანხმების შესრულება. შეთანმხება სრულდება მთლიანად ან არ სრულდება. ეს რომ არ არის მხოლოდ ოპოზიციის პოზიცია, კიდევ ერთხელ დადასტურა ირაკლი ოქრუაშვილის მისჯის შემდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების განცხადებამ.

ჩვენც და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ამ შეთანხმებას განვიხილავთ, როგორც ერთ მთლიანს, როგორც ორი ელემენტისგან შემდგარს – პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და საარჩევნო პროპორციები. შეთანხმების შესრულება ნიშნავს ორივე ელემენტის შესრულებას. მხოლოდ ნახევრის შეთანხმებით შეთანხმება ვერ შესრულდება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეთანხმების ორივე ნაწილზე ისაუბრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ სააარჩევნო პროპორციების ნაწილს მხარს არ დაუჭერენ.

„ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ კარგად გაიაზრონ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა, ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და როდესაც საუბრობენ შეთანხმების შესრულებაზე, ისაუბრონ შეთანხმების ორივე ნაწილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ შეთანხმებას შესრულებულად ვერ ჩავთვლით და მხოლოდ ნახევარს, სადაც საუბარი არის საარჩევნო პროპორციებზე, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.