დავით ბაქრაძე - რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას და რა ტვირთს იღებს, რათა ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ
დავით ბაქრაძე - რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას და რა ტვირთს იღებს, რათა ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ

დღეს არის გადამწყვეტი დღე. დღეს გამოჩნდება, მოახერხებს თუ არა ქართული პოლიტიკური კლასი ქვეყანა გამოიყვანოს იმ ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ვიმყოფებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.

„მივესალმები იმ განცხადებების ტონალობას, რომელიც გაკეთდა დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან და მივესალმები, რომ მათი მხრიდან მოიხსნა ის ხელოვნური წითელი ხაზები, რომელსაც ისინი ატარებენ მთელ რიგ საკითხებთან, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. მაგრამ შეხვედრა გამოაჩენს, არის ეს რიტორიკა სიტყვები სიტყვებისთვის, თუ ეს რიტორიკა გამოიხატება მზადყოფნაში კონკრეტული კომპრომისის და კონკრეტული შეთანხმებისთვის. ძალინ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რიტორიკა და ეს განცხადებები ასახული იქნება მათ პოზიციაში მოლაპარაკებების დროს. ჩვენ ჩვენის მხრიდან მზად ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. მზად ვართ იმისთვის, რომ მაქსიმუმი დავდოთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რომ შედეგი დადგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. ასე რომ, ძალიან სწრაფად, სულ რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას და რა ტვირთს იღებს იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, პლებისციტის საკითხი მოლაპარაკებებში ჯერ არ დგას, თუმცა პირადად მიაჩნია, რომ როდესაც მხარეები ვერ თანხმდებიან, რა გზა აირჩიონ სამომავლოდ, სრულიად ბუნებრივია ხალხის აზრის გაგება.

„პლებისციტზე დიდი ხანია საუბარი და მსჯელობა მიმდინარეობს. არიან ოპოზიციური პარტიები, ვისთვისაც პლებისციტის იდეა მიუღებელია. მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები და მიმაჩნია, რომ როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმების რესურსი, როდესაც მხარეები ვერ თანხმდებიან, რა გზა აირჩიონ სამომავლოდ, სრულიად ბუნებრივია, მივმართოთ ხალხს და გავიგოთ ხალხის აზრი, რას ფიქრობს ამ კონკრეტულ საკითხზე. მაგრამ ნუ ვიჩქარებთ. ჯერ არც პლებისციტის საკითხი არ დგას მოლაპარაკებებში. ასე რომ, შევხედოთ დაველოდოთ. დღეს არის გადამწყვეტი დღე და წინასწარ ვერანაირ კომპრომისს ვერ გეტყვით, რა იქნება და როგორ. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რა წინადადებით მოვლენ ჩვენი მეგობრები თავისი მხრიდან, რადგან მედიაცია და შუამავლობა გულისხმობს იმას, რომ მათი მხრიდანაც იქნება წინადადებები, რომელსაც ისინი ხედავენ როგორც მხარეებს შორის კომპრომისს. დაველოდოთ მათ წინადადებებსაც. ჩვენი მხრიდან ნამდვილად არის ის განწყობა და ის მზაობა, რომ მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს კრიზისი და ქვეყანა დაბრუნდეს ნორმალურ ვითარებაში. იმედი მაქვს, რომ ის, რაც დღეს მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, წითელი ხაზების მოხსნაზე, არ არის საზოგადოების მოტყუება და ეს სიტყვები აისახება კონკრეტულ მოქმედებებში მოლაპარაკებათა მაგიდასთან“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.