დავით ბაქრაძე – ქართული საზოგადოების ვალდებულებაა, დავანახოთ პარტნიორებს, რომ ვიმსახურებთ განვითარებას და დასავლეთთან ურთიერთობას

13:34, 24.02.2021

რასაც დღეს ვხედავთ, აღარ არის კრიტიკის ტალღა, ეს არის კრიტიკის ზვავი, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთმა ნაწილმა დაატეხა საკუთარ თავსაც და ჩვენს ქვეყანასაც, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოების ვალდებულებაა, დასავლელ პარტნიორებს დაანახოს, რომ საქართველო იმსახურებს ნორმალურ მომავალსა და დასავლეთთან ურთიერთობას.

„როდესაც ამერიკის კონგრესის ორივე პალატის ოთხი წამყვანი კონგრესმენი, ვის ხელშიც არის ამერიკა – საქართველოს ურთიერთობა, ოფიციალურად დაწერილ ტექსტში იყენებს ტერმინს – პოლიტიკური პატიმარი და ახსენებს კონკრეტულ გვარებს, როდესაც ეს ადამიანები ოფიციალურად გვეუბნებიან, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიცია არის წარსულში და გვეუბნებიან, რომ რაც დაგრჩათ ნატოში გაწევრიანების გზიდან, იმას მაინც ნუ გადაუხვევთო, ეს არის კატასტროფა. ამ კატასტროფაში დღეს ქვეყანა და საკუთარი თავი შეიყვანა „ქართული ოცნების“ ერთმა ნაწილმა საკუთარი გაუაზრებელი ქმედებებით. ამიტომ დღეს ჩვენი ქართული საზოგადოების ვალდებულებაა, დავანახოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ  ქართული საზოგადოება და საქართველო არ არის „ქართული ოცნების“ ერთი ნაწილი, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ნორმალურ მომავალს, ვიმსახურებთ განვითარებას, დასავლეთთან ურთიერთობას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთი მცირე გუნდის გაუაზრებელ რადიკალიზმს გადაყვეს ეს ქვეყანა, გადაყვეს ჩვენი და ჩვენი შვილების დასავლური და ნორმალური პერსპექტივა. აი, ეს ტალღა მოდის, ეს ზვავი მოდის დასავლეთიდან, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ასე მოქმედებას, ეს ზვავი მათ წალეკავს, მაგრამ ამ შემთხვევაში საფრთხე არის სხვა, ამ ზვავში არ ჩაყვეს საქართველო და არ დავუშვათ, რომ „ქართული ოცნების“ გამო ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალს, ამ ქვეყნის მომავალს შეექმნას საფრთხე.

ამ გზაზე გარდაუვლად იქნება სანქციებიც. ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი და ძალიან ფრთხილად ვუყურებდი სანქციების რეალისტურობას, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ “ (სანქციების შემოღება არის უბრალოდ დროის საკითხი), სანქციები აუცილებლად იქნება. ვიმეორებ, ყოველთვის ძალიან ფრთხილი ვიყავი ჩემს შეფასებაში, ყოველთვის ვთვლიდი და უფრო მეტიც, გეტყვით, რომ თავს ვიკავებდი ამ იდეის მხარდაჭერისგან, რადგან ცუდია, როდესაც შენს ქვეყანაში თუნდაც ცუდ მთავრობას დაედება სანქცია. მაგრამ ის, რასაც დღეს აკეთებს „ქართული ოცნება“, სხვა გამოსავალს არ ტოვებს და დარწმუნებული ვარ, თუ პროცესი ასე გაგრძელდა, რადიკალური გარდატეხა არ მოხდა პოლიტიკურ დინამიკაში, სანქციების შემოღება არის უბრალოდ დროის და რამდენიმე თვის საკითხი. ამიტომ, ამ კატასტროფისკენ მიაქანებს ეს გუნდი საკუთარ თავს, ამ კატასტროფისკენ მიგვაქანებს მთელ ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს. ყველას ვალდებულებაა დღეს, არა ნიკა მელიასთვის, არა ოპოზიციისთვის, არა რაღაც პოლიტიკური შეხედულებებისთვის, ჩვენი შვილების ნორმალური მომავლისთვის ამოვიღოთ ხმა და არ დავუშვათ, რომ დავკარგოთ ის პერსპექტივა, რომლისთვისაც ამდენი წელი ვითმენთ ასეთ გაჭირვებას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი