დავით ბაქრაძე - „ქართულ ოცნებაში“ ძალიან გადაეღალათ გონება და რვა საათის შემდეგ დასვენების საშუალება ექნებათ
დავით ბაქრაძე - „ქართულ ოცნებაში“ ძალიან გადაეღალათ გონება და რვა საათის შემდეგ დასვენების საშუალება ექნებათ

„ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ჩანაფიქრი გაშიფრა, ჩამოყვანილი გვყავს რამდენიმე ათასი მოქალაქე ისლანდიიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან დამალული გვყავს საიდუმლო საცავში, ზუსტად 20:00 საათზე საცავის კარს გავხსნით და ამ ადამიანებს უბნებთან მივუშვებთ, რომ რიგები შეიქმნას ხელოვნურად, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიმართ გაკეთებული განცხადება არის აბსურდული ბრალდება.

„ქართულ ოცნებაში“ ძალიან გადაეღალათ გონება და დღეს, რვა საათის შემდეგ დასვენების საშუალება ექნებათ. ამიტომ, თითოეულ ამომრჩეველს მოვუწოდებ, არჩევნებზე მოვიდნენ, რომ დასრულდეს მუდმივი შიზოფრენია და დაშინება გადატრიალებებით და არეულობებით. დღეს, რვა საათზე მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი რიგების გარეშე უნდა დავასრულოთ.

ხვალიდან ვიცხოვროთ ახალ საქართველოში ცვლილებებით და წინსვლით. ხელისუფლება იმ დონეზეა მისული, რომ არჩევნების შედეგებს აღარ ელოდება და წინასწარ აანონსებს, რამდენი ხმა აქვს, რაც არის საზოგადოების მორიგი უპატივცემულობა. მათ ჰგონიათ, რომ ფულის დარიგებით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შეიძლება წინასწარ გათვალო, ადამიანები ვის აძლევენ ხმას. დარწმუნებული ვარ, ამ დათვლილი ადამიანებისგან მათ სიურპრიზი ელოდებათ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.